ზაზა ფაჩულია: ვამაყობ საქართველოს ნაკრებით!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსთან" ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

ჯორჯიულმა კლუბმა უკვე 5 ვარჯიში ჩაატარა და "მედია დღეც" მოაწყო, სადაც ჟურნალისტებს კალათბურთელებთან შეხვედრის საშუალება მიეცათ.

ცხადია, ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო ამბები ამერიკელებსაც უამბო, იქვე "ატლანტას" პერსპექტივაზეც ილაპარაკა. თუმცა, ვიდრე 28 წლის ქართველი ცენტრის მოსაზრებებს შემოგთავაზებდეთ, ჯორჯიულ ამბებზე შევჩერდეთ.

* * *
გუნდს დაემატა ტრეისი მაკგრეიდი. ამ კალათბურთელს "ორლანდოში" არაერთი საოცარი სეზონი აქვს ჩატარებული, 2003-04 წლების სეზონში, როცა ფაჩულიამ ამერიკულ კალათბურთში შეაბიჯა, "ორლანდოში" სწორედ მაკგრეიდი დახვდა.

ჯორჯიელები ამაზე შეჩერებას
არ აპირებენ, კლუბის გენერალური მენეჯერის, რიკ სანდის თქმით განიხილება ორი უკანახაზელის კანდიდატურა - ჯილბერტ არენასისა და ჩონსი ბილაპსის.

წინა ხაზი ჯორჯიელებმა სერბი მეფარით, ვლადიმირ რადმანოვიჩით გააძლიერეს. "ატლანტას" წინასასეზონო განაცხადში 19 კალათბურთელია, მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც, ალბათ, არ მოუწევთ თამაში. გასული სეზონის ლიდერთაგან "ჰოქსში" ვარჯიშობენ ჯო ჯონსონი, ჯოშ სმიტი, მერვინ უილიამსი, ჯეფ ტიგი, კირკ ჰაინრიხი, ელ ჰორფორდი და ჯეისონ კოლინზი. ჯერაც გაურკვეველია მსროლელის, ჯამალ კროუფორდის საკითხი, რომელიც თავისუფალი აგენტია.

წარმატებული შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად დარჩა ლარი დრიუ, რომლის გუნდი პირველ საგამოფენო შეხვედრას 19 დეკემბერს ჩაატარებს ("შარლოტს" ესტუმრება). "ჰოქსი" სულ ორ საკონტროლი მატჩს გამართავს - მეორედაც "შარლოტ ბობქეთსს" დაუპირისპირდება, ოღონდ ამჯერად ატლანტაში (22 დეკემბერს). 27-ში კი ჯორჯიელები ახალ სეზონს "ნიუ ჯერსისთან" მატჩით გახსნიან.

* * *
საინტერესო წინადადებები აქვს ფორვარდ ჯოშ სმიტს, თუმცა ატლანტელმა თანაგუნდელებმა მას წასვლა გადააფიქრებინეს. აი, რას ამბობს ზაზა ფაჩულია სმიტზე:
- ჯოშმა კარგად იცის, რომ მისი დახმარება ძალიან გვჭირდება. ახალი არავისთვისაა, რომ როცა სმიტი ჩვეულად თამაშობს, "ჰოქსის" დამარცხება ყველას უჭირს. მჯერა, ახალ სეზონში ჯოში ჩვენს გვერდში იქნება.

- ახალწვეულ ვლადიმირ რადმანოვიჩზე რა აზრისა ხარ?
- იგი ამერიკაში ჩემზე ადრე ჩამოვიდა და წარმატებული კარიერაც აიწყო. NBA-ში რომ შემოვაბიჯე, რადმანოვიჩი "სიეტლ სუპერსონიქსის" ღირსებას იცავდა. მაშინ მის გვერდით რეი ალენი და კიდევ არაერთი ვარსკვლავი თამაშობდა, "სიეტლიც" ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. ვლადიმირი დიდებული კალათბურთელია, უნივერსალური თვისებებითაა დაჯილდოვებული და "ატლანტას" დიდ სამსახურს გაუწევს.

- "ატლანტა ჰოქსის" საწვრთნელი პროცესი როგორ დაიწყო?
- შემომხედეთ, თვალი ოდნავ დასიებული მაქვს, მკლავზე ნაკაწრები მეტყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარჯიში სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ასეც უნდა იყოს, ჩვენ ხომ სერიოზული მატჩებისთვის ვემზადებით.

- რამდენად მომზადებულები ჩამოხვედით შეკრებაზე?
- ჩვენთვისაც საინტერესო იყო, ვინ როგორ ფორმაში მოვიდოდა, რადგან NBA-ში ლოკაუტი დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ მწვრთნელს უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყველა მოთამაშე მეტ-ნაკლებად კარგ კონდიციებშია, რადგან ზოგი კლუბებში ვთამაშობდით, ზოგი ინდივიდუალურად ემზადებოდა.

- შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა. რას უნდა ელოდეს გულშემატკივარი "ატლანტა ჰოქსისგან"?
- ჩვენი მთავარი ამოცანაა რეგულარულ ჩემპიონატს შევხვდეთ სათანადო კონდიციებში. მანამდე ერთმანეთის გაცნობაც უნდა მოვასწროთ და შეთამაშებაც. ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება და "ატლანტა" წლეულსაც ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება კონფერენციაში.

- ნოემბერსა და დეკემბერში თურქეთში თამაშობდი.
- რადგან NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდა, მოედანზე დაბრუნება დროებით ევროპაში გადავწყვიტე. მქონდა რამდენიმე წინადადება, თუმცა ყველას თურქული ვარიანტი ვამჯობინე, რადგან ამ ქვეყანას კარგად ვიცნობ - ამერიკაში გადმოსვლამდე (2003 წლამდე) ექვსი წლის განმავლობაში სწორედ სტამბოლში ვთამაშობდი, უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი შევიძინე.

- "გალათასარაისთან" ერთად ევროლიგაზე იასპარეზე.
- ეს კლუბი ევროლიგის პარალელურად თურქეთის ჩემპიონატში გამოდიოდა, დიდი გამოცდილება მივიღე. "გალათასარაი" მდიდარი ტრადიციების გუნდია, შემადგენლობაც კარგი ჰყავს და გულშემატკივარიც. დიდი სიამოვნება იყო გადაჭედილ დარბაზში თამაში. წამოსვლის წინ ქომაგი თბილად დამემშვიდობა.

- ლოკაუტის დასრულებამ გული ხომ არ დაგწყვიტა?
- არა, რადგან ამერიკაში დაბრუნებასაც მოუთმენლად ველოდი. ატლანტა ჩემი სახლია და "ჰოქსში" კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი ვაპირებ თამაშს. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- "გალათასარაის" რამდენიმე მატჩი გამოტოვე. რა იყო ამის მიზეზი?
- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშისას ფეხის ტრავმა მივიღე, რომელიც თურქეთში გადასვლამდე მოვიშუშე, თუმცა გამიმიზეზდა და დასვენება აუცილებელი იყო. მწყობრში რომ ჩავდექი "გალათასარაის" მაისურით რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე. ახლა მწყობრში ვარ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.

- ბოლოს, ნაკრებზე ვთქვათ. რას ნიშნავდა საქართველოსთვის ევროპის პირველობაზე თამაში?
- ქვეყნის ისტორიაში საკალათბურთო გუნდი ევრობასკეტზე პირველად მოხვდა, რაც დიდი წარმატება იყო როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე კალათბურთელებისთვის. ვამაყობ ჩემი გუნდით და მის მიერ ნაჩვენები შედეგით - ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადავლახეთ და ტოპ-12-ში მოვხვდით. სწორედ ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2011 წელი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული