ნიკა მეტრეველი: "დინამოში" ნაკრებისთვის

AutoSharing Option
დოსიე
ნიკა მეტრეველი
დაიბადა: 14.01.1991
სიმაღლე: 211 სმ
ამპლუა: ფორვარდი

კარიერა

2005-07 სოხუმი (საქართველო)
2007-09 მონტეპასკი (იტალია)
2009-10 მონფერატო (იტალია)
2010-11 რიმინი (იტალია)
2011-12 დინამო სასარი (იტალია)

საქართველოში ერთი დღით ჩამოსულმა ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ეროვნული გუნდის შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე ილაპარაკა.

პირველ რიგში, თვალი უნდა მოვავლოთ საზღვარგარეთ მოასპარეზე ახალგაზრდებს, რომელთაგან ორი გვარია გამოსაყოფი: ნიკა მეტრეველი და ბექა ბურჯანაძე.

ბექა (1994 წელსაა დაბადებული) ესპანურ "სევილიაშია", მთავარ გუნდშიც ვარჯიშობს და გასულ სეზონში თამაშობდა კიდეც. ხოლო მეტრეველი (1991) ჯერ იტალიურ "მონტეპასკის" ახალგაზრდულ გუნდში ირჯებოდა, შემდეგ "მონფერატოში" (მესამე ლიგა), "რიმინიში"
(მეორე ლიგა), წლეულს კი "დინამო სასარის" (სერია A) ღირსებას იცავს.

იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაში, ცხადია უკვე ბევრს ნიშნავს, თუმცა ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ერთ მატჩში 16-ქულიანი მონაგარი ნამდვილად იმსახურებს ხაზგასმას. ნიკამ გასულ ზაფხულს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი, მაგრამ აგვისტოში იგორ კოკოშკოვს იტალიაში გაშვება სთხოვა.

როგორც შემდეგ თავად მეტრეველმა გვითხრა, მისთვისაც და ნაკრებისთვისაც ასე სჯობდა - იტალიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "დინამოში" დროულად მისვლა და გუნდთან შეთამაშება მის კარიერაზე დადებითად აისახებოდა. სერია A-ში თამაში გამოცდილებას შესძენდა, რაც სამომავლოდ სანაკრებოდაც გამოადგებოდა.

როგორც მიხვდით, მეტრეველი კოკოშკოვის თვალთახედვის არეალში უკვე მოხვდა - ნაკრებში პირველად 2009 წელს მიიწვიეს. ახლა მთავარია, თავად კალათბურთელმა იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა ღირსეულად შეცვალოს ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრები.

- ძალიან მინდა ნაკრებში თამაში. მწვრთნელი აქამდეც მიძახებდა, მაგრამ მცირე სათამაშო დრო მქონდა. ვიმედოვნებ, იტალიაში თავს კარგად წარმოვაჩენ, ნაკრებშიც მომეცემა თამაშის შანსი. კიდევ უნდა მოვუმატო, - ამბობს ნიკა მეტრეველი.

მასთან ერთად "დინამო სასარიში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი (ყოფილი) ქუინტონ ჰოსლი ირიცხება. იგი საქართველოში 2010 წელს ჩამოვიდა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში არ უთამაშია.

- ქუინტონი კარგი კალათბურთელია, "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია. ძირითადად მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. საქართველო კარგად ახსოვს, თუმცა ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშის დიდი სურვილი ნამდვილად არ ეტყობა. სამაგიეროდ, "დინამოს" მოაგებინა არაერთი მატჩი, მაგრამ ბოლოს, "ბენეტონთან" შეხვედრაში გადამწყვეტ მომენტში ტექნიკური შენიშვნა მიიღო და მას მერე თამაშის გადარჩენის შანსი დავკარგეთ, - როგორც მიხვდით ესეც მეტრეველმა გვითხრა.

იგი "ბენეტონთან" შეხვედრაში 26-ე წუთზე ჩაერთო, ქულას ქულა მიაყოლა და 12-ქულიანი ჩამორჩენა 4-მდე შეამცირა (57:61). საბოლოოდ ნიკას 14 წუთში 16 ქულა და 4 მოხსნა მოუგროვდა. როგორც წესი, მწვრთნელ რომეო საკეტის ქართველი ფორვარდი მოედანზე პირველი მეოთხედის ბოლოს, ან მეორის დასაწყისში შეჰყავს, თუმცა "ბენეტონთან" 26-ე წუთამდე დააგვიანა.

- მატჩამდე აქილევსის მყესი მცირედით მაწუხებდა, რამაც ვარჯიშების სრულყოფილად წარმართვაში ხელი შემიშალა. გარდა ამისა, წინა მატჩი ჩემმა ორმა კონკურენტმა კარგად ჩაატარა და მწვრთნელმა ამჯერადაც მათი დახმარებით სცადა მოგება. თუმცა მეორე ტაიმში მაინც მენდო და იმედი, მეტ-ნაკლებად გავუმართლე - სხვაობა მალევე შევამცირეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა.

ეს რომ თქვა, მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. ისიც ვკითხეთ, რა შეფასება მისცა მის თამაშს რომეო საკეტიმ.

- ფეხი უკეთესადაა, მაგრამ ბოლომდე არ მორჩენილა. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ მწვრთნელი მაინც მადლიერი იყო, ყოჩაღო, მითხრა.
"დინამო სასარიმ" მიმდინარე სეზონში არაერთი მატჩი მოიგო ეფექტური თამაშით. მათ შორის "ვარეზესთან", "რომასთან"... ეს, პირველ რიგში მწვრთნელის დამსახურებაა, რაშიც ქართველი ახალგაზრდაც დაგვეთანხმება:

- რომეო საკეტი მაღალი დონის სპეციალისტია. იგი კალათბურთელიც ძალიან ძლიერი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის "დინამოს" წარმატებაში. ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონში დასახულ მიზანს მივაღწევთ და პლეი ოფში მოვხვდებით. შემადგენლობაც შესაბამისი გვყავს.

"დინამო სასარიში" მწვრთნელის ვაჟი, ბრაიან საკეტიც თამაშობს, რომელსაც კარგი  სტატისტიკა აქვს, თუმცა...

- მამამისი იმდენს არ ათამაშებს, რამდენსაც ბრაიანი იმსახურებს. ალბათ, იმიტომ, რომ მისი შვილია. არადა, ბრაიან საკეტის გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, - დასძინა ნიკა მეტრეველმა.

ბოლოს გაგაცნობთ ქართველის მონაგარს მიმდინარე სეზონში: 10 მატჩი, 11.7 წუთი, 5.5 ქულა, 1.7 მოხსნა. ეროვნულ ნაკრებში მეტრეველს 2 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული: ჯამში 6 წუთი, 2 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული