ნიკა მეტრეველმა ერთხელ გამოურია კარგი გარჯა, თუმც წუხელ გამართულ მორიგი ტურის მატჩში მხოლოდ 2 წუთით დატვირთეს. ჩვენ კი იმ წარმატებულ გამოსვლაზე ვთქვათ, რომელიც "კანტუში" მოთამაშე ჩვენიანებზე მოდის.
მაშ ასე, მორიგ ტურში სანიკიძის კარგად დაწყებული საქმე შესანიშნავად გააგრძელეს "კანტუს" ქართველებმა. შერმადინისა და მარკოიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით კანტუელებმა ჩემპიონატში მერვე გამარჯვება სტუმრად "ვარეზესთან" მიითვალეს (83:67) და ცხრილში მეოთხე ადგილზე გამაგრდნენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ
გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა. შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. გიორგიმ ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება მარკოიშვილს, მანუჩარი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19 წუთს ითამაშა. მან კანტუელებს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
6-6 მოგება-წაგებით მე-9 საფეხურზე გადაინაცვლა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ", რომელმაც დრამატულ მატჩში პეზაროს "სკავოლინი" 84:83 დაამარცხა. გასული მატჩისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ ორ წუთს ითამაშა.
იტალიის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები 3 იანვარს გაიმართება.
gbf.ge