იგივე განმეორდა გუშინ, თბილისის დროით გამთენიისას - "ჩიკაგომ" "ატლანტა" შინ 76:74 დაამარცხა.
სწორედ ზემოთნახსენები ორი ადამიანის ბრალია, "ბულსმა" მეოთხე პერიოდში რომ 34:18 მოიგო. არადა, მატჩის საწყისი სამი მეოთხედი ჯორჯიელებს ცუდს არაფერს უქადდა: სტუმრები დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (38:26), ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში 7:2 გაქცევა მოაწყეს და 45:28 დაწინაურდნენ.
17-ქულიანი ფორის განიავება
დრამა უკანასკნელ 10 წამში გათამაშდა: ჯერ "ატლანტას" მეფარე ელ ჰორფორდმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა (74:74), საპასუხო შეტევისას კი ჩიკაგოელი ლუოლ დენგის შემჩერებელი ვერავინ აღმოჩნდა და სირენამდე 3 წამით ადრე "ბულსს" გამარჯვება მოაპოვებინა - 76:74.
"ჩიკაგოს" მწვრთნელის, ტომ ტიბოდოს თამაშისწინა და ნამატჩევს ნათქვამი უნდა გავიხსენოთ:
- "ატლანტა" თანაბრად დაბალანსებული გუნდია. სასტარტო ხუთეულის წევრები წლების განმავლობაში გვერდიგვერდ თამაშობენ... თუმცა არანაკლებ ხიფათს უნდა ველოდეთ სათადარიგოებისგან: ტრეისი მაკგრეიდის თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია; ასევე ძალიან გამოცდილია ჩვენგან "ჰოქსში" წასული ჯანერო პარგო; მეტად მოძრავია ვლადიმირ რადმანოვიჩი; ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ფარქვეშ ბრძოლა კი ყოველთვის ძნელია.
აი, რა თქვა ტიბოდომ მოგებული თამაშის შემდეგ:
- მეოთხე პერიოდისთვის მეტი ენერგია "ჩიკაგოს" შერჩა. ალბათ, "ატლანტას" თამაშზე წინა დღის დატვირთვამაც იმოქმედა. მათ ხომ ჩვენამდე მაიამიში ჩაატარეს რთული თამაში.
მაიამური და ჩიკაგოური შეხვედრები ძირითადად სასტარტოების კისერზე გადავიდა. თავად განსაჯეთ: "ბულსთან" ხუთეულის წევრთაგან 30 წუთზე ნაკლები ერთსაც არ უთამაშია, ხოლო სათადარიგოებში ყველაზე მეტი, 15 წუთი მაკგრეიდის ერგო. ფაჩულიამ 8 წუთი ითამაშა.
აღმოსავლეთის კონფერენციაში "ატლანტა" საუკეთესო დუეტში ვეღარ არის. მას "ჩიკაგომ" (5 მოგება, 1 წაგება) გაასწრო და ქულებით "მაიამის" გაუთანაბრდა. მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი "ჰოქსი" და "ორლანდო" იყოფენ. მათ 6-6 მატჩიდან 4-4 აქვთ მოგებული.
მომდევნო შეზვედრას ზაზას გუნდი შინ ჩაატარებს და "მაიამისთან" კიდევ ერთხელ შეეცდება თავისი უპირატესობის მოედანზე დამტკიცებას. შეხვედრა 5 იანვარს გაიმართება.
ჩიკაგო-ატლანტა 76:74
ზაზა ფაჩულია: 7:43 წუთი, 0 ქულა (3-დან 0 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 1 შეცდომა.