ტაირონ ელისმა თავი გაგვახსენა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთი ქართველი კალათბურთელი თამაშობდა, წლეულს კი პირენეების უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი მოთამაშეები იღწვიან.

ახალგაზრდა (17 წლისაა) ბექა ბურჯანაძე სევილიის "კახასოლის" მთავარ გუნდთან კი ვარჯიშობს, მაგრამ წლეულს ჯერ არ უთამაშია.

"გრან კანარიაში" საქართველოს ნაკრების 2010 და 2011 წლებში მოასპარეზე ნატურალიზებულები გამოდიან: მარკიზ ჰეინსი და ტორინ გრინი. ამ უკანასკნელმა ფეხის ტრავმის შემდეგ ფორმა სათანადოდ ჯერაც ვერ აღიდგინა. ვერც ბოლო ტურში გამოირჩა: "სარაგოსასთან" გასვლით მატჩში მოედანზე 11 წუთი გაატარა და 3-3 მოხსნა-პასს დასჯერდა. გრინმა ერთი სამქულიანი
ისროლა, თუმცა არაზუსტად.

ქულების სიუხვით ვერც ჰეინსი დაიკვეხნიდა. მის ანგარიშზე 8 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი), 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მარკიზმა 23 წუთი ითამაშა. "გრან კანარიამ" დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით წააგო - 61:63.

14 ტურის შემდეგ 5 მოგებით კანარელები მე-13 ადგილზე არიან (ჩემპიონატში სულ 18 გუნდია). ბევრისთვის მოულოდნელად მესამე პოზიციაზეა "ალიკანტე", რომელსაც 11 მოგება აქვს. ამ გუნდის წარმატება იმიტომაცაა სასიამოვნო, რომ მასში საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაჟიანი უცხოელი ტაირონ ელისი (1977 წელსაა დაბადებული) თამაშობს, თანაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო ტურში ტაირონმა 34 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. როგორც სჩვევია, ქულათა უმეტესობა სამქულიანი ტყორცნებით მოაგროვა: ორქულიანი - 3/1, სამიანი - 9/3, საჯარიმო - 4/4.

ელისისა და პედრო ლიომპარტის (22 ქულა) კარგი გარჯა "უნიკახას" ძლევის საწინდარი გახდა. "ალიკანტემ" 84:78 იმარჯვა, რისთვისაც ოვერტაიმი დასჭირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული