ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში ევროპის საუკეთესო ჭაბუკთა გუნდები მონაწილეობენ. სხვადასხვა დროს მასში "ბარსელონას" მაისურით მონაწილეობა მიუღიათ კოკა ტომარაძეს, ლევან ფაცაციას, "მონტეპასკის" მაისურით - ნიკა მეტრეველს... წლეულს კი "ჰოსპიტალეტის" თასზე "კახასოლის" შემადგენლობაში 17 წლის ბექა ბურჯანაძე თამაშობს.
ტურნირში მონაწილე რვა გუნდი ორ ჯგუფადაა განაწილებული. პირველში თამაშობენ: "ხუვენტუდი" (ესპანეთი), "ლიეტუვოს რიტასი" (ლიტვა), "რეალი" ესპანეთი, "ჰოსპიტალეტი" (ესპანეთი). მეორე ჯგუფში: "ბარსელონა" (ესპანეთი), "კახასოლი" (ესპანეთი), "ცედევიტა" (ხორვატია), "სპარსი" (ბოსნია).
საწყისი ორი ტურის შემდეგ ბექა ბურჯანაძის "კახასოლს" თითო მოგება-წაგება აქვს და ნახევარფინალთან ძალიან ახლოსაა. პირველი მატჩი სევილიელებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ, "ბარსელონასთან" ჩაატარეს. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, 30 წუთის შემდეგ კატალონიელები 5 ქულის სხვაობით იგებდნენ (50:45), თუმცა საბოლოოდ "ბარსამ" "კახასოლის" წინააღმდეგობა მაინც გატეხა და 75:56 გაიმარჯვა.
კატალონიელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქართველმა ბექა ბურჯანაძემ გაუწია, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა, მოედანზე კი 33 წუთი გაატარა. ბექამ 7-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "კახასოლის" შემადგენლობიდან ბურჯანაძის გარდა 10 ქულას კრისტაპს პორზინგისი ასცდა - 12 ქულა, 10 მოხსნა.
მეორე მატჩში სევილიელთა მეტოქე ხორვატიის "ცედევიტა" იყო, რომლის ძლევა "კახასოლს" ჰაერივით სჭირდებოდა. სწორედ ამ გუნდების მატჩში უნდა გარკვეულიყო მეორეადგილოსანი, რადგან წინასწარ ცნობილი იყო, რომ პირველობას "ბარსელონა" არავის დაუთმობდა, ხოლო "სპარსს" მეორე ადგილისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდა. როგორც ჩანს, საპასუხისმგებლო მატჩისთვის სათანადოდ მოემზადნენ სევილიელები, რომლებმაც "ცედევიტას" შანსი არ დაუტოვეს, ზუსტად ორმაგი სხვაობით სძლიეს - 76:38.
ბურჯანაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა ზედმეტად არ დატვირთა, 22 წუთი ათამაშა. დროის ამ მონაკვეთში ქართველმა ფორვარდმა 9 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ორმაგი დუბლი შეასრულა ბექას თანაგუნდელმა ალი სინერამ - 14 ქულა, 10 მოხსნა.
დაველოდოთ ჯგუფის ბოლო მატჩებსა და ნახევარფინალს.
დოსიე
ბექა ბურჯანაძე
კახასოლი (ესპანეთი)
დაიბადა: 03.01.1994
სიმაღლე: 201 სმ
ამპლუა: ფორვარდი
რეკორდები (16 და 18-წლამდელთა ნაკრებში)
კატეგორია/ 2011 სეზონი /კარიერა
ქულა 30 / (U-18, 29.07.2011 საქართველო-ბელგია) / 33 (U-16, 09.08.2010 საქართველო-ლუქსემბურგი)
მოხსნა 16 / (U-18, 2-ჯერ) / 19 (U-16, 15.08.2009 საქართველო-სლოვაკეთი)
პასი 5 / (U-18, 30.07.2011 საქართველო-ნორვეგია / 5 (U-16, 2-ჯერ)
ჩაჭრა 3 / (U-18, ორჯერ) / 5 (U-16, 09.08.2010 საქართველო-ლუქსემბურგი)
დაფარება 2 / (U-18, 25.07.2011 საქართველო-ლუქსემბურგი) / 7 (U-16, 13.08.2009 საქართველო-პორტუგალია)
წუთი 39 / (U-18, 25.07.2011 საქართველო-ლუქსემბურგი) / 39 (U-16, ორჯერ)
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები (B დივიზიონი, 2011)
7 მატჩი, 34.4 წუთი, 14.7 ქულა (55-დან 22 ორქულიანი, 36-დან 12 სამიანი, 28-დან 23 საჯარიმო), 11.7 მოხსნა, 1.1 პასი, 2.0 ჩაჭრა, 0.6 დაფარება.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (B დივიზიონი, 2010)
8 მატჩი, 29.3 წუთი, 20.0 ქულა (92-დან 45 ორქულიანი, 31-დან 10 სამიანი, 51-დან 40 საჯარიმო), 11.4 მოხსნა, 0.4 პასი, 1.8 ჩაჭრა, 0.8 დაფარება.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (B დივიზიონი, 20090)
7 მატჩი, 35.4 წუთი, 15.3 ქულა (73-დან 27 ორქულიანი, 32-დან 9 სამიანი, 39-დან 26 საჯარიმო), 11.3 მოხსნა, 1.4 პასი, 2.3 ჩაჭრა, 3.1 დაფარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"