დრაფტექსპრესი: შენგელია NBA-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია 2011 წლის NBA-ს დრაფტის კანდიდატთა სიაში შეიყვანეს, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა კანდიდატურა დრაფტამდე მოხსნა.

თუნდაც ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელით ამერიკული გუნდებიც დაინტერესდნენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ თორნიკეს ჯერ ევროპაში სჭირდება გამოცდილების მიღება, რათა NBA-ში სათანადოდ მომზადებულმა შეაბიჯოს.

შენგელიამ 2011-12 წლების სეზონი კარგად დაიწყო და კიდევ ერთხელ მიიპყრო ამერიკელთა ყურადღება. ამჯერად მის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა გამოცემა "დრაფტექსპრესმა", სათაურით "შენგელიას გარდამტეხი წელი". პუბლიკაციის ავტორია ცნობილი ექსპერტი ჯონათან ჯივონი:

"ევროლიგაზე მოთამაშე ახალგაზრდებში სად
რაფტედ ყველაზე საინტერესო კანდიდატი თორნიკე შენგელიაა. რა ტიპის კალათბურთელია და რა სჭირდება NBA-ში მოსახვედრად? ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ.

ქართველი ფორვარდი ის კალათბურთელია, რომელიც ევროლიგაზე იმაზე უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მისგან ველოდით. 20 წლის ახალგაზრდა ფიზიკურად ძლიერია და ბელგიური "შარლერუას" შემადგენლობაში სტაბილური თამაშით გამოირჩევა.

თორნიკე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, კახა შენგელიას ვაჟია. უმცროსმა შენგელიამ საქართველო 16 წლისამ დატოვა და კარიერა ესპანურ "ვალენსიაში" გააგრძელა. პირენეებზე გატარებული სამი სეზონის შემდეგ თორნიკე ბელგიაში გადავიდა და კონტრაქტი "შარლერუასთან" გააფორმა, თუმცა 2010-11 წლების სეზონი განათხოვრების წესით "პეპინსტერში" გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ შენგელია 2011 წლის ზაფხულში ტრევიზოს კემპზე არ იყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ევროპელ ახალგაზრდაზე წარმატებული ზაფხული ჰქონდა: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად B დივიზიონი მოიგო, საშუალოდ 34 წუთში 30 ქულას, 12 მოხსნას, 2.3 დაფარებას აგროვებდა. შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად სწორედ შენგელია დასახელდა. ივლისის ბოლოს იგი შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიასთან ერთად წარმატებულად გამოვიდა.

სექტემბერში თორნიკე "შარლერუას" დაუბრუნდა და თავისი აგრესიული თამაშის წყალობით სასტარტო ხუთეულში იოლად დაიმკვიდრა ადგილი.

შენგელიასთან ერთად ბელგიელებმა ევროლიგის საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახეს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. ევროლიგაზე ქართველი ახალგაზრდა საშუალოდ 20 წუთს თამაშობდა. დეკემბრის ბოლოს მან ფეხის ტრავმა მიიღო, თუმცა მანამდე ევროლიგასა და ბელგიის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა.

თორნიკე შენგელია 207 სმ სიმაღლისაა და გრძელი ხელები აქვს. ფიზიკურად ძლიერია. ევროპელი ახალგაზრდებისგან ათლეტურობით გამოირჩევა, მოედანზე სწრაფადაც გადაადგილდება და ძალიან სახიფათოა ფარქვეშიდან.

შენგელიას მთავარი პლუსი აგრესიულობაა, ნებისმიერ მატჩს დიდ ენერგიას ახმარს. მოხსნებშიც გამოირჩევა: ევროლიგაზე 40 წუთის თამაშის შემთხვევაში საშუალოდ 9.2 მოხსნა ექნებოდა, რაც მისი სიმაღლის გათვალისწინებით ევროპაში მეტად მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

შენგელია ფიზიკური მონაცემებისა და აგრესიულობის წყალობით მეტოქის კალათისკენ გზას იოლად იკვლევს. იგი კარგად ფლობს ბურთს და სწრაფი იერიშის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია საკუთარი ნახევრიდან მეტოქის ფარამდე მისვლა. საჭიროების შემთხვევაში სამქულიანებსაც შედეგიანად ისვრის. მწვრთნელი ხშირად მიმართავს შემდეგ ტაქტიკას: შენგელია პერმეტრზე ამოდის და სწრაფი, პირველი ნაბიჯით ცდილობს მეტოქე თანაამპლუელის ჩამოშორებას. იგი ასევე არ ერიდება "კბილებდაფჩენილ დაცვაში" შეჭრას და ძალისმიერ ორთაბრძოლას.

თუ თორნიკეს მასზე დაბალი კალათბურთელი მეურვეობს, ფარქვეშიდან ქულების მოგროვება უადვილდება, ზურგით ტრიალიც ლამაზად გამოსდის. თუმცა ასეთი მოძრაობით არაერთ ტანმაღალ ცენტრსაც დაძრომია.

ქართველი თავდამსხმელის სუსტ წერტილად საშუალო დისტანციიდან ტყორცნა უნდა ჩაითვალოს. მას 41-დან 10 საშუალო სროლა აქვს გამოყენებული.

რაც შეეხება დაცვას, შენგელია ამ კომპონენტშიც აგრესიულობით გამოირჩევა და ამიტომ ხშირად ჯარიმდება. თუმცა, გამოცდილების მიღებასთან ერთად ენერგიის სწორად გადანაწილებასაც ისწავლის.

როგორც მწვრთნელები ამბობენ, შენგელია ძალიან შრომისმოყვარეა. ეს კი იმის გარანტიაა, რომ პროგრესირებას არ შეწყვეტს და შესაძლებლობებს კიდევ უკეთესად წარმოაჩენს. მის პიროვნებაზე კი კალათბურთელების სიტყვებიც მეტყველებენ - თორნიკე ძალიან კარგი თანაგუნდელიაო.

დაბოლოს, შენგელიას ფიზიკური მონაცემები და სათამაშო სტილი უკვე შეესაბამება NBA-ს სტანდარტებს. ხოლო თუ სროლის სიზუსტესაც გააუმჯობესებს NBA-ს ქართველი ნოჩიონი, ან კარდინალი შეემატება."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული