ბურჯანაძის "კახასოლმა" მეოთხეზე დაასრულა

AutoSharing Option
18 წლის ბექა ბურჯანაძემ "ჰოსპიტალეტის" მეტად პრესტიჟული ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მისმა "კახასოლმა" ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ "ლიეტუვოს რიტასთან" 70:97 დათმო.

წაგებული შეხვედრიდან ვინმეს გამორჩევა რთულია, მაგრამ ერთი მაინც უნდა ითქვას - ბექამ მაქსიმუმი გააკეთა, რასაც მისი მონაგარიც ადასტურებს: 30 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა.

ქართველმა ფორვარდმა სამქულიანები 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა: 6-დან 3 ჩააგდო, რასაც 1 ორქულიანი და 6 საჯარიმო მიამატა. ბექა "კახასოლში" მსუბუქ ფორვარდად ირჯება და სამქულიანებსაც მეტ ყურადღებას უთმობს. 201 სმ სიმაღლის კალათბურთელისთვის შესაფერისი ამპლუა სწორედ მსუბუქი
თავდამსხმელობაა.

ბურჯანაძემ ჰოსპიტალეტის ტურნირის სხვა მატჩებშიც არაერთი სამქულიანი ისროლა. მაგალითად, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბოსნიურ "სპარსთან" 5 შორეული ტყორცნიდან 3 გამოიყენა, რასაც 4 ორქულიანი (6-დან) მიამატა და 17 ქულას მოუყარა თავი. გარდა ამისა 32 წუთში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 4 მოხსნა, 2 დაფარება და 3 ჩაჭრა იყო. მისმა "კახასოლმა" ბოსნიელები 80:72 დაამარცხა.

ნახევარფინალში სევილიელებმა "რიტასთან" როგორ წააგეს ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მესამე ადგილისთვის მატჩი კი ესპანურ "ხუვენტუდთან" დათმეს - 75:84.

ბურჯანაძემ ამჯერად 19 წუთი ითამაშა, თუმცა 10-ქულიანი ბარიერი მაინც დასძლია - 14 ქულა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. მის ანგარიშზე 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი იყო.

ჰოსპიტალეტის ტურნირზე ბურჯანაძის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 5 მატჩი, 27.2 წუთი, 14.6 ქულა, 4 მოხსნა, 0.2 პასი, 2.2 ჩაჭრა, 1.2 დაფარება.

ფინალში "ლიეტუვოს რიტასმა" "ბარსელონა" 72:68 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული