ბოისა სლოვენიაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, როცა ბერძნული "პანიონიოსიდან" საინტერესო შეთავაზება მიიღო და ელადაში ორშაბათს ჩავიდა.
როგორც ბერძნული საიტები იუწყებიან, მუხლის ტრავმა მიიღო ნაკრების ყოფილმა წევრმა, "პანიონიოსის" ლიდერმა ნიკოს ბარლოსმა.
მწვრთნელმა, გეორგიოს ბარზაკოსმა ქართველ ფორვარდს სწორედ მის შემცვლელად უხმო.
- გუნდში სერიოზული
გამოცემა "ონსპორტის" ჟურნალისტი ვლადიმერ ბოისას ესტუმრა და მცირე ინტერვიუც ჩამოართვა. აი, რა უთხრა ვოვამ ბერძნებს:
- "პანიონიოსს" დიდი ამოცანები აქვს. გუნდში იმიტომაც გადმოვედი, რომ მიზნების მიღწევაში დავეხმარო. თანაგუნდელები უკვე გავიცანი და ვფიქრობ, ადაპტაცია არ გამიჭირდება. არც საბერძნეთის ჩემპიონატია ჩემთვის უცხო - რამდენიმე წლის წინათ "არისის" ღირსებას ვიცავდი. მაშინ გუნდი ევროლიგაზე გამოდიოდა.
როგორც გითხარით, ბოისას სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ამიტომ ლოგიკურია, ბერძენი ჟურნალისტი მისი კონდიციებით რომ დაინტერესდა.
- კარგ ფორმაში ვარ. ლიუბლიანაში ყოველდღიურად, ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი. ფიზიკურადაც ვემზადებოდი. ასე რომ, ფორმაში შესვლისთვის დრო არ მჭირდება. როგორც ვთქვი, გუნდი უკვე გავიცანი, თუმცა შესათამაშებლად მცირე დრო მაინც მინდა, ისევე როგორც მწვრთნელის სტრატეგიისა და შეხედულებების გასაცნობად, - ესეც ვოვა ბოისას სიტყვებია.
იგი ბერძენ კორესპონდენტს გამოუტყდა, რომ მოუთმენლად ელის "კავალასთან" შეხვედრას:
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ მითამაშია. ამიტომ, მონდომებით ველი ჩემს პირველ შეხვედრას მიმდინარე სეზონში. მინდა "პანიონიოსს" სათანადოდ დავეხმარო და მასთან ერთად პირველი ნაბიჯი წარმატებით გადავდგა.
დოსიე
ვლადიმერ ბოისა
დაიბადა: 04.07.1981
სიმაღლე: 208 სმ.
წონა: 101 კგ.
ამპლუა: ფორვარდი
კარიერა
1996-98 აზოტი (რუსთავი)
1998-99 პოსტოინა (სლოვენია)
1999-01 სლოვანი (სლოვენია)
2001-05 ოლიმპია (სლოვენია)
2006-07 მონტეპასკი (იტალია)
2007 სპარტაკ-პრიმორიე (რუსეთი)
2008 არისი (საბერძნეთი)
2008 მენორკა (ესპანეთი)
2009-10 ზადარი (ხორვატია)
2010-11 ოლიმპია (სლოვენია)
2012-დან პანიონიოსი (საბერძნეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"