მოცდა ერთი თვეც არ მოგვიწია, 12 იანვარს ზაზამ "შარლოტთან" შეხვედრაში 10 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა და "დაბლ დაბლების" რაოდენობა 50-მდე დაამრგვალა.
* * *
საინტერესოა, რომ შარლოტელებთან მატჩის მეოთხე პერიოდამდე ქართველი ცენტრის ანგარიშზე მხოლოდ 3 ქულა და 4 მოხსნა იყო. ბოლო რაუნდში კი ერთბაშად 7 ქულა და 6
მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიელებმა თავიდანვე მოიპოვეს მცირე ფორა, მესამე თორმეტწუთეულის ბოლომდე "შარლოტი" "კუდში მისდევდა" და გარკვეულ შანსს ინარჩუნებდა. თუმცა მესამე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "ატლანტამ" ჯოშ სმიტის სიზუსტის წყალობით 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომლის შენარჩუნება ბოლო რაუნდში აღარ გასჭირვებია. 111:81 "ჰოქსის" სასარგებლოდ.
* * *
ზაზას პარალელურად ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა სმიტმა შეასრულა - 30 ქულა, 13 მოხსნა. ჩვეული სიზუსტით ისროლა ჯო ჯონსონმა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი. "შარლოტიდან" მხოლოდ ორი კალათბურთელი ასცდა 10 ქულას: ჰენდერსენმა 16 ქულა მიითვალა, მალენსმა - 21. სწორედ ამ უკანასკნელის შეჩერება აღელვებდა "ჰოქსის" მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუს. საბოლოოდ როგორ გადაწყდა ეს საკითხი დრიუს სიტყვებიდან მიხვდებით:
- "შარლოტთან" საკოტროლო მატჩებიც ვითამაშეთ და სწორედ იმ შეხვედრებიდან გამოვიტანეთ სწორი დასკვნები. ყველაზე მეტად ბაირონ მალინსი მაღელვებდა, რომელიც მძიმე ფორვარდის მონაცემებითაა, თუმცა ცენტრად თამაშობს, სწრაფია და ბევრს მოძრაობს. მას ზაზა ფაჩულია მეურვეობდა და ქართველმა ცენტრმა დაკისრებულ ფუნქციას კარგად გაართვა თავი.
* * *
არ გვითქვამს მთავარი - ზაზა ფაჩულია "ჰოქსის" სასტარტო ხუთეულში იყო, მის შემცვლელად კი ივან ჯონსონი თამაშობდა. საბოლოოდ ორივემ დადებითი შეფასება დაიმსახურა. ზაზას სასტარტოში დაყენების საკითხი მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაწყვიტა. სწორედ თამაშის წინ შეატყობინეს ექიმების დასკვნა...
- შეხვედრას ცუდი განწყობით შევხვდი, რადგან მაცნობეს, რომ სასტარტო ცენტრი ელ ჰორფორდი მინიმუმ სამ თვეს ვერ ითამაშებს. მას მხარი აქვს დაზიანებული და ოპერაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება მომიწია, - აღნიშნა დრიუმ.
ზაზამ სასტარტოში სწორედ ჰორფორდის ადგილი დაიკავა. ამერიკელმა ჟურნალისტებმა არ დააყოვნეს და გუნდის გენერალურ მენეჯერ რიკ სანდს ჰორფორდის შემცვლელზე ჰკითხეს. აი, რა უპასუხა მენეჯერმა:
- სეზონის დასაწყისში წინა ხაზი გავაძლიერეთ. გვყავდა ჰორფორდი, ფაჩულია და კოლინზი. ასევე დავიმატეთ ივან ჯონსონი, რაც ჩვენთვის დიდი პლუსი იყო. ჰორფორდის ტრავმის შემდეგ შემადგენლობაში შეიცვლება თუ არა რამე, ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია.
* * *
"შარლოტ ბობქეთსის" ძლევით "ატლანტა ჰოქსის" მოგებებმა წაგებებს ორჯერ გაასწრეს - 8:4. თუმცა ეს მაჩვენებელი სატურნირო ცხრილში დაწინაურებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - ჯორჯიელები აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზე არიან. მეცამეტე მატჩს "ატლანტა" "მინესოტასთან" შინ, 14 იანვარს "ფილიპს არენაზე" ჩაატარებს.
ატლანტა-შარლოტი 111:81
ზაზა ფაჩულია: 32 წუთი, 10 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 პასი, 1 დაფარება, 3 შეცდომა, 1 ფოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"