ფაჩულიას "ატლანტამ" "ტიმბერვულვზი" 93:91 დაამარცხა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად შეხვდა დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელს და ძალიან გაუჭირდა.

"ატლანტას" "მინესოტა ტიმბერვულვზი" ესტუმრა და მესამე მეოთხედში 18 ქულითაც იგებდა, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა და დარჩენილ დროში ჯო ჯონსონისა და ჯეფ ტიგის ჩინებული თამაშის წყალობთ 93:91 გაიმარჯვეს.

გამარჯვების მომტანი ქულები კი სრულიად უცნობმა კალათბურთელმა - ივან ჯონსონმა ჩააგდო. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, მინესოტელები ივანზე დაჯარიმდნენ. ჯონსონმა კი ორივე სროლა ჩააგდო და "ატლანტას" გამარჯვება მოუტანა.

მძიმე ფორვარდი
ივან ჯონსონი ატლანტელებმა NBA-ს განვითარების ლიგიდან დაიმატეს და მას იშვიათად უწევს მოედანზე გამოჩენა. ალ ჰორფორდის ტრავმამ ჯონსონს შანსი მისცა, რომელიც ივანმა კარგად გამოიყენა და "მინესოტასთან" ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა და 11 მოხსნა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, იგი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა წინა მატჩისგან განსხვავებით ამჯერად შედარებით მცირე ხანს ითამაშა.

ზაზამ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ სამიდან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

"ატლანტას" 13 მატჩიდან 9 გამარჯვება აქვს და საკუთარ, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში "მაიამის" გადაასწრო, ხოლო სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ატლანტელები კვლავ შინ, 17 იანვარს, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სისულელეებს წერთ თუ არ აკვირდებით nba-ს მაგიც დაწერეთ, პირველი თამაში დასავლეთის კონფერენციიდან ჰიუსტონს შეხვდა და 11 ქულით წააგო
tegernako
19:19 15-01-2012
0

სიახლეები პოპულარული