ზაზა ფაჩულიას მორიგი პირადი რეკორდი - 14 მოხსნა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია განაგრძობს მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდების გაუმჯობესებას. მილუოკიში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 14 მოხსნა მოაგროვა და თავისი გუნდის - "ატლანტას" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. "ჰოუქსმა" "მილუოკი" 97:92 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში ზაზას უმაღლესი შედეგი 11 მოხსნა გახლდათ, "მილუოკისთან" იგი შეუჩერებელი იყო და მეტოქის მძლავრ მეფარე ანდრე ბოგუტსაც არ შეეპუა. ზაზას 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ფაჩულიამ 9-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც მთლიანობაში 9 ქულა გამოვიდა.

ამასთან ზაზას 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 38,19 წუთით
მოედანზე ყოფნის განმავლობაში არ დაუკარგავს. აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს მიმდინარე სეზონში ამდენი არ უთამაშია. ზაზამ დაუმტკიცა მწვრთნელს, რომ ალ ჰორფორდის არყოფნაში ხუთეულში ადგილს თავად იმსახურებს. მესამე ცენტრ ჯეისონ კოლინსს ამ შეხვედრაში საერთოდ არ უთამაშია.

ფაჩულიას ფარქვეშ კარგად ეხმარებოდა ჯოშ სმიტი, რომელმაც 13 მოხსნა, 19 ქულა, 4 პასი და 3 დაფარება მოაგროვა, რის გამოც გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ატლანტელთა ლიდერ ჯო ჯონსონს კი 28 ქულა დაუგროვდა.

ამ გამარჯვებამ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში სამ გუნდთან გაათანაბრა - "ორლანდოს", "ფილადელფიას" და "ინდიანას" ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ და ისინი კონფერენციაში II-V ადგილებს იყოფენ. მომდევნო შეხვედრა ატლანტელებს ზეგ გამთენიისას, სან ანტონიოში აქვთ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული