ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ბოისამ სასურველი კლუბი ვერ მოძებნა და იანვრამდე თავის მეორე სამშობლოში, სლოვენიაში ერთ-ერთ კლუბთან ფორმის შესანარჩუნებლად, უკონტრაქტოდ ვარჯიშობდა. ბოისას იანვარში საკმაოდ კარგი გუნდის ვარიანტი გამოუჩნდა და დაუყოვნებლივ დათანხმდა ბერძნული "პანიონიოსის" შეთავაზებას.
ვოვამ უკვე 3 მატჩი ჩაატარა ახალ კლუბში და ყოველი მომდევნო შეხვედრა წინაზე შედეგიანი იყო. ბოისას დღეს საბერძნეთში დავუკავშირდით და იქაურ ამბებთან ერთად საქართველოს ნაკრებზეც ვესაუბრეთ.
- გილოცავ. გვიან, მაგრამ მაინც მონახე
- მადლობა, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ვარიანტი გამომიჩნდა. საბერძნეთში საკმაოდ კარგი პირობები დამხვდა, გუნდიც ამბიციურია და ქვეყანაშიც საკმაოდ თბილა. სლოვენიასთან შედარებით აქ შესანიშნავი ამინდებია.
- ოჯახის წევრებიც საბერძნეთში გყავს?
- არა, ჩემს შვილს სკოლაში სწავლა დაუმთავრდება და ყველანი ერთად ჩამოვლენ.
- რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით არ გაგიკეთებია, მაგრამ რატომ იყავი ახალ წლამდე უგუნდოდ?
- განა არ მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ახლა იმ ასაკში არა ვარ, რომ დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ უცხო ქვეყანაში გადავიდე. მქონდა იტალიის სერია B-ს ვარიანტი, ასევე საბერძნეთის სუსტ გუნდებში გადასვლის შანსი, მაგრამ ვამჯობინე, სლოვენიაში, ოჯახთან ვყოფილიყავი და ევრობასკეტის შემდეგ ფორმა შემენარჩუნებინა. ვვარჯიშობდი გუნდ "ჰელიოსში", თუმცა, რა თქმა უნდა, უკონტრაქტოდ. სლოვენიურ კალათბურთში ბევრი ნაცნობი მყავს და უარი არ უთქვამთ, გუნდთან ერთად მევარჯიშა.
- და ამ დროს შენი მენეჯერი სასურველ ვარიანტს ეძებდა, თუ როგორ გამოგიჩნდა "პანიონიოსში" გადასვლის შანსი?
- რადგან ამ დროს ყველა ამბიციური გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული, ველოდებოდი, რომ რომელიმე გუნდში ვინმეს ტრავმა მიეღო, ან მოთამაშე გაეშვათ. ერთი ეგაა, რომ ლოდინი ცოტა გახანგრძლივდა, მაგრამ საბოლოოდ სასურველი ვარიანტიც გამოჩნდა. "პანიონიოსს" ტრავმის გამო ფორვარდი გამოაკლდა და ჩემმა აგენტმა ამ გუნდში გადასვლა რომ შემომთავაზა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი.
- გუნდის მწვრთნელს ან მოთამაშეებს თუ იცნობდი?
- პირადად "პანიონიოსის" 2 მოთამაშეს ვიცნობ, მწვრთნელთან კი უშუალო შეხება არ მქონია, თუმცა გიორგოს ბარცოკასი აქამდეც ვიცოდი. ამ სპეციალისტმა კი ჩემს შესახებ უფრო მეტი იცოდა, რადგან ევროლიგის გუნდებში უმუშავია, სადაც მე სისტემატიურად ვთამაშობდი. მწვრთნელმა იცოდა, რა დონის და რა ტიპის მოთამაშე ვარ. მან ძალიან თბილად მიმიღო, ისევე როგორც გუნდის მთელმა პერსონალმა.
- საკითხავია გაუმართლე თუ არა მწვრთნელს იმედები?! "პანიონიოსში" ხომ უკვე მესამე მატჩი ჩაატარე.
- ხომ ვთქვი, რომ მწვრთნელმა იცის, თუ რას უნდა ელოდეს ჩემგან და მეც მისთვის იმედი არ გამიცრუებია. ჩემს ასაკში კალათბურთელები შეტევაზე მეტად დაცვაზე ფიქრობენ. ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო არ უნდა იყოს ჩემით.
პირველი მატჩი ჩამოსვლიდან 2 დღეში ვითამაშე და ცხადია, ჩემგან ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას არავინ ელოდა, თუმცა რაც მოედანზე ვიყავი, დაცვაში საიმედოდ გამოვიყურებოდი. მეორე და მესამე მატჩში კი უფრო კარგად ავუღე ალღო ახალ გარემოს, თანაგუნდელებთან შევთამაშდი და შეტევაშიც დამაჯერებელი ვიყავი. გასულ მატჩში 13 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მოვაგროვე, რაც კარგ შედეგად ითვლება. ამას დაცვაში თამაშიც დავუმატოთ და... ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდის, გუნდიც იგებს და გათამაშების ცხრილში საკმაოდ მაღლა, მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
- კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვს და მომავალზე აქედანვე ხომ არ ზრუნავ?
- თუკი გუნდმა ეს ადგილი შეინარჩუნა და პლეი ოფშიც კარგად გამოვედით, დიდი შანსია, მომდევნო სეზონშიც აქ დავრჩე, თუმცა ჩემს ასაკში ყველაფერია მოსალოდნელი. ვნახოთ, რა იქნება, ის კი ვიცი, რომ კარიერისთვის თავის დანებება ჯერ ადრეა. მაღალ დონეზე თამაში ჯერაც შემიძლია, ხოლო 34 წლის რომ გავხდები, მერე კი შეიძლება დაბალ ლიგებში გადასვლა და ნელ-ნელა კარიერის დასრულებაზე ფიქრი.
- ეროვნული ნაკრების შესახებ რას ფიქრობ? ზაფხულში ხომ ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირია.
- ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს და წლების მანძილზე ერთგულად ვემსახურე ჩვენს ეროვნულ გუნდს. თუკი გამომიძახებენ და საჭიროდ ჩათვლიან, რომ გუნდში უნდა ვიყო, უარის თქმა ძალიან გამიჭირდება.
- და რატომ უნდა თქმა უარი?
- უარის თქმას არ ვაპირებ, მე პატივს ვცემ ნაკრების მწვრთნელსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება, ნაკრებს კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შევუერთდე.
ანუ ჯერ გუნდი მოვნახო და ნაკრების შეკრებაზე მერე გამოვცხადდე. ნაკრებში თამაშის გამო წარსულში ჩემით არაერთი გრანდი დაინტერესებულა და აუყვანივარ კიდეც გუნდში, მაგრამ ეხლა სხვა დროა. მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშობ, ამ დროში გარანტირებულად გუნდში არ აგიყვანენ - მით უფრო, ჩემი ასაკის კალათბურთელს. თუ უშუალოდ არ გნახეს, მათთან შეკრება არ გაიარე, კარგ კლუბს ვერ მოძებნი.
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჯერ გუნდი მოვნახო, კონტრატქი გავინაღდო და მერე შევუერთდე ნაკრებს. შესაძლოა, მსურველი უმალვე გამოჩნდეს, ან კლუბის მოძებნა ცოტა გაჭიანურდეს. არ მინდა, მომავალ წელსაც ისეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდე, როგორშიც წლეულს ვიყავი. ისე კი მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაში განსაკუთრებით მინდა, რადგან 2013 წელს კონტინენტის პირველობა სლოვენიაში იმართება.
- როგორ ფიქრობ, გაუჭირდება საქართველოს მომავალ ევროპირველობაზე მოხვედრა?
- ჩემი აზრით, შესარჩევი ჯგუფიდან გასვლა სავსებით რეალურია. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და ვფიქრობ, თბილისში ყველა მატჩს მოიგებს. აი, გასვლაზე კი საკმაოდ ძნელი თამაშები გველის. რუმინეთში არ უნდა გაგვიჭირდეს, თუმცა დანარჩენ მეტოქეებთან სტუმრად თამაში ურთულესი იქნება. საკმაირისია, საშინაო თამაშებთან ერთად 2 გასვლითი შეხვედრაც მოვიგოთ და სლოვენიის საგზურს გავინაღდებთ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან რეალურია.
gbf.ge