ნიკოლოზ ცქიტიშვილის 75 ქულა...

AutoSharing Option
სათაური ომახიანი გამოვიდა, თუმცა სამი წერტილის ნაცვლად უნდა ჩავამატოთ: 4 დღეში. ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" (ირანის ჩემპიონია) WABA-ს ლიგაზე ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა, გზად ოთხივე მეტოქე დაამარცხა. მეოთხედფინალში მაჰრამელთა მეტოქე A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი იორდანიული "არამექსი" იქნება.

"მაჰრამმა" B ჯგუფში პირველი მატჩი მასპინძელი ლიბანის "მუტაჰედთან" ჩაატარა და 106:73 გაიმარჯვა. 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 15 ქულა, 9 მოხსნა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა (24 წუთში).

მეორე
შეხვედრა ცქიტიშვილის ბენეფისად იქცა, ერაყის "დუჰონის" ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო "სკიტას" შეჩერება. მის ანგარიშზე 36 წუთში 29 ქულა, 14 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარებაა. ნიკამ 19 ორქულიანი ისროლა და 11 ჩააგდო, 4 სამქულიანიდან - 1, 6 საჯარიმოდან - 4.

"მაჰრამმა" "დუჰონი" 88:65 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის წინ ირანელები მხოლოდ 7 ქულის სხვაობით იგებდნენ.

მესამე შეხვედრაში "მაჰრამის" მოწინააღმდეგე იყო იორდანიის "ასუ", რომელიც ცქიტიშვილის თანაგუნდელებმა "ასო-ასო" აკუწეს - 87:57.

ცქიტომ ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, თუმცა მაინც ნაყოფიერად იშრომა: 17 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

მაჰრამელებს ყველაზე მეტად მეოთხე შეხვედრაში გაუჭირდათ, რომელშიც კიდევ ერთ ლიბანურ კლუბ "ჩამპვილს" დაუპირისპირდა. მასპინძლები მესამე ათწუთეულის შემდეგ 33:52-ს აგებდნენ, თუმცა მეოთხე რაუნდში 19-ქულიანი დეფიციტი სამამდე დაიყვანეს. გამარჯვება მაინც ირანის ჩემპიონს დარჩა, 3 ქულის სხვაობით, 67:64 მოიგო.

ცქიტიშვილმა ყველაზე ნაკლები ლიბანელებთან ჩააგდო, თუმცა 10 ქულას ამჯერადაც ასცდა - 13 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება. 215 სმ სიმაღლის ქართველმა მოედანზე 34 წუთი გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული