სუპერლიგა. XII ტური

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატმა იანვრის ძილის შემდეგ გამოიღვიძა. "თვალი გაახილა" და სიახლეებიც შემოგვთავაზა. მთავარი მოვლენა მატჩისშემდგომი პრესკონფერენციების შემოღებაა, რაც ევროპაში დიდი ხანია კარგად აპრობირებული მეთოდია.

ორი-სამი წლის წინ პრესკონფერენციები თამაშების წინა დღეს იმართებოდა. სწორედ მაშინ ვწერდით - მწვრთნელებისა და ჟურნალისტების შეხვედრა არა შეხვედრების წინ, არამედ მათი დასრულების შემდეგ უნდა გაიმართოს-თქო. კითხვა თამაშიდან გამომდინარე ჩნდება და მისასალმებელია, რომ ამიერიდან ყველაფერი ევროპულად, ცივილიზებურ ფორმებში მოექცევა.

ვერ ვიტყვით, ტური თანაბარი მატჩებით იყო დატვირთული, შესაბამისად, ყველა შეხვედრის ბედი ბოლო წუთებამდე გადაწყდა.

საყურადღებოა, რომ გამარჯვებას იმ გუნდებმა
მიაღწიეს, რომლებსაც ფარქვეშ საქმე კარგად ჰქონდათ. ასე იყო ბოლო შეხვედრაშიც, რომელშიც "სამედიცინომ" სტუ დაამარცხა. სამწამიან ზონაში მეტოქეს ბურთი არ დაანება "მედიკოსმა" აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც ბურთი 17-ჯერ მოხსნა, ერთით ნაკლები 16 ქულა ჩააგდო (12-დან 7 ორქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო). ასე და ამგვარად, ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ დვალიშვილი დავასახელეთ.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ ტურში შსს-მ პირველმა შეაბიჯა 1000-იანებში. მის ანგარიშზე 1027 ქულაა.

4 თებერვალი, თბილისი. სპორტის სასახლე
დინამო-ქუთაისი 79:55
14:15, 20:15, 25:16, 20:9
დინამო: ს. ლეჟავა (5ქ, 3პ), სანაძე (19ქ, 5მ, 3პ), მარხვაშვილი (5ქ, 3პ), წივწივაძე (11ქ, 7პ, 6მ, 4ჩ), ზესევიჩი (2ქ), ოლუიჩი (19ქ, 9მ, 5დ), კარტერი (16ქ, 12მ), კეიდია, მეხრიშვილი, სუხიშვილი.
ქუთაისი: ფაშაევი (3ქ, 5პ), ბაბუნაშვილი (5ქ), დიდია (8ქ, 7მ), ცეკვავა (5ქ), ტუკვაძე, დ. ბარბაქაძე (14ქ, 3ჩ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (4ქ, 7მ), კუჭავა, კოღუაშვილი (4ქ), ქორიძე (2ქ), მათიაშვილი (10ქ, 10მ, 2დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი.
კომისარი: რ. ხომერიკი.

მწვანე და ნარინჯისფერი ერთმანეთს ძალიან უხდება. ამ ფერებში გამოწყობილი "დინამო" და "ქუთაისი" ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ანგარიშის მიხედვით ძალიან ახლოს იყვნენ და მინიმალური სხვაობით ქუთათურებმა იმარჯვეს. სუპერლიგის მე-12 ტურში კი გაგვახსენეს, რომ ერთი ცივი ფერია (მწვანე), მეორე - თბილი (ნარინჯისფერი). "დინამომ" მეორე პერიოდის ბოლოს 12-ქულიანი სხვაობა მოიპოვა და მაშინ, როცა ყველა მწვანეებში გამოწყობილი ქუთათურების იერიშებს ელოდა, გადამწყვეტი შტურმი კვლავ დინამოელებმა მიიტანეს - მეოთხე პერიოდი 20:9 მოიგეს.

იმერლები მიმდინარე სეზონში სამქულიანებით გამოირჩევიან, პირველ წრეში "დინამოს" არც მეტი, არც ნაკლები - 15 სამიანი ჩაუგდეს.

როგორც ჩანს, ეს კარგად ახსოვდათ თბილისელებს და საპასუხო მატჩში სტუმრები პერიმეტრზე მაქსიმალურად შეზღუდეს. საბოლოოდ, ქუთათურებმა მათთვის უჩვეულოდ ცოტა, 3 სამქულიანი გამოიყენეს. შესაძლოა ეს იყო წაგების ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარტერი-ოლუიჩის დუეტს (ჯამში 35 ქულა, 21 მოხსნა) ვერც ფარქვეშ აჯობეს.

ამიტომ, უნდა ყოფილიყო წაგების სხვა, მთავარი მიზეზი, რაზეც პრესკონფერენციაზე ქუთათურთა თავკაცმა დავით უსტიაშვილმა ილაპარაკა:

- "ქუთაისი" გადაღლილი იყო. დიდი ენერგია შევალიეთ საქართველოს თასზე თამაშებს. ძალების აღდგენა კი ვერ მოვასწარით, რადგან ძირითადი ტვირთი 7-8 კალათბურთელზე გადადიოდა. გუნდმა ფიზიკურად მხოლოდ საწყისი 10 წუთი გაძლო.

პრესკონფერენციაზე "დინამოს" დამრიგებელმა ირაკლი ხოშტარიამ უშუალოდ თამაშის გარდა გუნდის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება:

- ხელმძღვანელობა უპირობოდ I ან II ადგილებზე გასვლას არ გვთხოვს. ჩვენი მთავარი მიზანი პლეი ოფში კარგი პოზიციით შესვლაა. ნამდვილად არ გვინდა, პირველივე ეტაპზე "არმიას" შევხვდეთ.

ოლიმპი-თსუ 103:80
36:13, 29:15, 18:22, 20:30
ოლიმპი: გამყრელიძე (3ქ, 11პ), გულისაბედაშვილი (4ქ), ნანიტაშვილი (6ქ, 3პ), თავართქილაძე (2ქ, 3პ), მილუტინოვიჩი (11ქ, 13მ), მ. ბერიშვილი (18ქ, 7მ), სლიუკა (16ქ, 3პ), მუმლაძე, სულაბერიძე (2ქ), ტოდოროვიჩი (22ქ, 6მ), ჰოგერი (19ქ, 9მ).
თსუ: კოხრეიძე (4ქ, 5მ, 5ჩ), თავამაიშვილი (2ქ), ნინიაშვილი (3ქ, 6მ), ხიზანიშვილი (8ქ), შერმადინი (8ქ, 8მ), ზ. მაისურაძე (2ქ), ჩქარეული (8ქ), ბაქრაძე (8ქ, 3პ), ჩიკვილაძე (24ქ, 10პ, 3ჩ), ვ. ბერუაშვილი (13ქ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.
კომისარი: მ. რატიშვილი

მატჩის შემდეგ თსუ-სთვის სამსაჯო მაგიდიდან ოქმი მიხეილ ჩიტაშვილმა აიღო, რომელიც შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

მან თასის მატჩში მიიღო დისკვალიფიკაცია და სუპერლიგის მე-12 ტური გამოტოვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრის შედეგი ძირეულად შეიცვლებოდა მოედანზე ჩიტაშვილი რომ ყოფილიყო.

"ოლიმპს" ხომ შეტევისკენ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე უძღვება, რომელსაც ქართველებიც კარგად ეხმარებიან და ლეგიონერებიც. ლაშა შაბათს იუბილარი იყო, 26 წლისა გახდა. ძალთა არათანაბრობა განსაკუთრებით თვალსაჩინო წინა ხაზში იყო: "ოლიმპმა" მოხსნებში 57:43 იმარჯვა, ხოლო მისმა მეფარეებმა (ტოდოროვიჩმა, ჰოგერმა და მილუტინოვიჩმა) ერთობლივად 52 ქულა მიითვალეს. მატჩის ბომბარდირი ივან ტოდოროვიჩი გახდა, რომლის ანგარიშზე 22 ქულაა (14-დან 11 ორქულიანი).

სუპერლიგაში მისი დებიუტი სწორედ თსუ-სთან შედგა. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ივანი თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს. იგი ბოლომდე რომ ვერ გაუშინაურდა სპორტის სასახლის ფარებს (ან სათანადო ფორმაში არ არის), ამას ექვსივე საჯარიმოს აცილება მოწმობს.

"ოლიმპის" დამრიგებელმა გია კაზანჯიანმა გვაცნობა, რომ ნიკოლა ტუტუსმა მატჩი კოჭის ტრავმის (გადაუბრნდა) გამო გამოტოვა:

- იოლი შეხვედრა გამოდგა, რაც პირველ ტაიმში დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობა.

თსუ-ს მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი:

- ჩვენი გუნდი იანვარში გადახალისდა, გაახალგაზრდავდა. გვყავს სამი ახალწვეული, რომლებთანაც ბევრს ვმუშაობთ, რომ გუნდს რაც შეიძლება მალე მოერგნენ. "ოლიმპისგან" განსხვავებით სხვა მიზნები გვაქვს და მასთან მატჩში თავს ექსპერიმენტების უფლება მივეცით.

- გვქონდა შეცდომები, რომლებსაც განვიხილავთ და შემდეგი მატჩებისთვის გამოვასწორებთ, - დასძინა თსუ-ს ახალწვეულმა ბექა ჩიკვილაძემ.

სტუ-სამედიცინო 73:87
21:15, 10:27, 15:18, 27:27
სტუ: თევზაძე (2ქ), ჭოხონელიძე, მაჩალაძე (8ქ), ხანიაშვილი (10ქ, 5მ, 4პ), კობიძე, დეკანოიძე (6ქ), ძიძიგური (7ქ, 8პ), კოპალიანი (14ქ, 7მ), ნოზაძე (12ქ), ანთაძე (14ქ, 5მ, 4პ).
სამედიცინო: ტომარაძე, პირველაშვილი (6ქ, 5მ), აბაიშვილი (10ქ, 5მ, 7პ), შვანგირაძე (15ქ), ჭოჭუა (17ქ), ილიჩი (21ქ, 10მ, 3პ), დვალიშვილი (16ქ, 17მ, 2პ, 3ჩ), სამოილოვიჩი (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, ს. საინერსი.

პირველი მეოთხედის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში უნდა წარმართულიყო. საწყის 10 წუთში სტუ-მ 21:15 მოიგო, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ მედიკოსები მეორე წრის წინ თურქეთში კარგად მოემზადნენ და ტექნიკოსებს ბოლომდე კარგად რომ გაეგრძელებინათ, მეტოქე ბოლო წუთებამდე არაფერს დათმობდნენ. თუმცა პირველი მეოთხედის ანგარიშმა მოგვატყუა: მეორე ათწუთეულში "სამედიცინომ" 17:0 გაქცევა მოაწყო და 35:23 დაწინაურდა. მას მერე ჩავარდნა არ მოსვლია და საბოლოოდ 87:73 გაიმარჯვა.

დავინტერესდით, მწვრთნელის აზრით რა იყო მეორე მეოთხედში მკვეთრი შემოტრიალების მიზეზი.

- პირველი მეოთხედი საკუთარ თავში დასაჯერებლად დაგვჭირდა. მეორიდან თამაში ავაწყვეთ, თვითრწმენაც შეგვემატა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. თუმცა საერთო სურათით კმაყოფილი არ ვარ, გვქონდა შეცდომები, - აღნიშნა "სამედიცინოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა შენგელიამ.

სტუ-ს თავკაც ზურაბ ტომარაძეს ვკითხეთ, რატომ გაუშვა ორი წამყვანი კალათბურთელი (ჩიკვილაძე და ბერუაშვილი)...

- გუნდს აქვს მიზანი სუპერლიგას სათანადო რესურსი მოუმზადოს, ნიჭიერი მოთამაშეები ჩვენთან დაოსტატდნენ და შემდეგ უკეთეს გუნდებში წავიდნენ. რაც მეტი კალათბურთელით დაინტერესდებიან, მით უკეთესი. ჩვენ კი გეგმის მიხედვით მზადებას განვაგრძობთ და მომდევნო მატჩებში თამაშს უფროდაუფრო გავაუმჯობესებთ.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 10 0 895/628 20
2. ოლიმპი 11 9 2 902/795 20
3. ქუთაისი 11 8 3 934/837 19
4. შსს 11 7 4 1027/892 18
5. სოხუმი 11 7 4 906/847 18
6. სტუ 11 5 6 913/959 16
7. დინამო 11 5 6 918/965 16
8. სამედიცინო 11 4 7 930/965 15
9. თსუ 11 4 7 888/947 15
10. ბათუმი 11 1 10 792/1001 12
11. რუსთავი 11 0 11 766 / 1035 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული