ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ატლანტელებმა ნავსი გატეხეს და შინაურ კედლებში "ინდიანა" დაამარცხეს - 97:87.

ეს სულაც არ გახლდათ იოლი გამარჯვება. "ინდიანა" მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად თამაშობს და ცხრილში ამ წაგებამდეც და მის მერეც "ატლანტაზე" წინ იმყოფება.

ზაზა ფაჩულიას გუნდმა პირველი ტაიმის შემდეგ 18-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ ინდიანელები არ გატყდნენ და მესამე მეოთხედის 31:21 მოგების შემდეგ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, რაც ატლანტელებს აწყობდათ და მასპინძლებმა საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ მოედანზე
38,18 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

როგორც ჩანს, ფაჩულია საკმაოდ პროდუქტიული იყო და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ზაზამ 6 ორქულიანიდან 2 გამოიყენა, ხოლო 8 საჯარიმო სროლიდან კალათში 5 ტყორცნა მოათავსა.

17 მოგებითა და 9 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში კვლავ მეოთხე ადგილზეა. მის წინ სწორედ "ინდიანაა", რომელსაც 17 მოგების წილ 8 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩში, 11 თებერვალს, "ატლანტას" სერიოზული გამოცდა ელის: ორლანდოში "მეჯიქს" ხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული