გიორგი შერმადინის რეკორდები ევროლიგაზე

AutoSharing Option
"კანტუ" ევროლიგის მორიგი მატჩის სათამაშოდ ისრაელში ჩავიდა. "მაქაბის" ძლევის შემთხვევაში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდებდა მეოთხედფინალის საგზურს.

წინასწარ გეტყვით, დევიდ ბლატის გაწვრთნილმა მაქაბელებმა მესამე პერიოდში იტალიელებს შანსი არ დაუტოვეს (23:5), საბოლოოდ კი 75:60 იმარჯვეს.

აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბლატის კლასი: პირველი ტაიმის შემდეგ მან სწორი დასკვნები გამოიტანა და იმ სხვაობით გაიმარჯვა, როგორითაც აწყობდა. აშკარაა, "მაქაბის" მწვრთნელმა უმთავრესად შერმადინისა და ბაზილეს შეჩერება დაისახა მიზნად, რომლებმაც პირველ ნახევარში დიდი თავსატეხი გაუჩინეს. მეორე ტაიმში შერმადინი
ფარქვეშ ბურთს რომ მიიღებდა, ორი მეტოქე ხელზე აჯდა, ჯარიმის გარეშე კი ვერ აჩერებდნენ.

შესაბამისად გიორგიმ 11-დან 11 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა და ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა: 15 ქულა, 10 მოხსნა.

გარდა ამისა 22 წლის ცენტრის ანგარიშზე 4 პასი და 1 ჩაჭრაა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი ყველას საგრძნობი უპირატესობით აჯობა - 31, რაც ევროლიგაზე შერმადინის სარეკორდო მაჩვენებელია, ისევე როგორც 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 29 წუთი.

მანუჩარ მარკოიშვილმა 20 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. "კანტუს" ბომბარდირი კი გამოცდილი ჯანლუკა ბაზილე გახდა - 20 ქულა.

სადღეისოდ "მაქაბისა" და "კანტუს" 2-2 მოგება აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეორე ადგილზე ებრაული გუნდია. მეოთხედფინალში გასასვლელად დარჩენილ ორ ტურში "კანტუმ" "მაქაბიზე" ერთით მეტი მატჩი უნდა მოიგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული