ნიკა ცქიტიშვილი იორდანიაში ცამეტიანია

AutoSharing Option
ირანის "მაჰრამმა", რომელშიც ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობს, აღმოსავლეთ აზიის საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე რომ დაასრულა, ჩვენი გაზეთის მკითხველს კარგად მოეხსენება. ჯგუფის მატჩებს ლიბანის დედაქალაქმა, ბეირუთმა უმასპინძლა, რის შემდეგაც შეჯიბრება მიმოსვლითი სისტემით გაგრძელდა.

მეოთხედფინალში "მაჰრამის" მეტოქე იორდანიის "ალ რიადია". სერია ორ მოგებამდეა. პირველი შეხვედრა იორდანიის სატახტო ქალაქ ამანში გაიმართა, მეორეს - ირანის დედაქალაქი თეირანი უმასპინძლებს, ხოლო თუ მესამე მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, "მაჰრამი" მასაც შინ გამართავს.

წარსულსა და მომავალ დროებზე დაკვირვებით მიხვდებოდით, რომ მეოთხედფინალის ერთი მატჩი უკვე გაიმართა: ამანში "მაჰრამი"
თავიდანვე 14:0 გაიქცა და მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა - 91:52.

შეხვედრის სრული სტატისტიკის მოძიება ვერ მოვახერხეთ, მიმოხილვაში ამოკითხულით უნდა დავკმაყოფილდეთ: "მაჰრამელთაგან ამირ სედიგი და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოირჩნენ, რომლებმაც 13-13 ქულა მოაგროვეს და მატჩის ბომბარდირობაც გაიყვეს."

როგორც გითხარით, სერიის მეორე შეხვედრა ირანში გაიმართება (21 თებერვალს). ლოგიკურად, გამარჯვება ნიკას გუნდს უნდა დარჩეს და მესამე მატჩი საჭირო აღარ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული