ზაზა ფაჩულია ასპროცენტიანია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" მიმდინარე სეზონში სტუმრად მოუგო "მაიამის", თუმცა მას შემდეგ ზედიზედ ორჯერ შინ წააგო. აქედან მეორე მარცხი დღეს, გამთენიისას შეემთხვა.

ატლანტელებმა ბოლო მეოთხედი 7 ქულით მოუგეს მაიამელებს, თუმცა მანამდე დიდი სხვაობით აგებდნენ და საბოლოოდ 87:107 დამარცხდნენ.

ზაზა ფაჩულია ბოლო მატჩებია ორმაგ დუბლს უტრიალებს. ხან 1 ქულა აკლდება, ხან - 1 მოხსნა. დღევანდელ მატჩში ქართველმა ცენტრმა 8 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რაც მეტოქე გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთზე ოდნავ მეტი
დრო გაატარა. ზაზამ თამაშიდან 100-პროცენტიანი შედეგიანობით ესროლა: 4 ორქულიანიდან ოთხივე ჩააგდო. 8 ქულასა და 9 მოხსნასთან ერთად ფაჩულიას 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

18 მოგებითა და 10 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე დარჩა. ხვალიდან ატლანტელები დასავლეთში, გასვლით ტურნეს იწყებენ. პირველი გაჩერება ფაჩულიას გუნდს ლოს ანჯელესში აქვს, სადაც 15 თებერვალს "ლეიკერსს" შეხვდება, შემდეგ კი ფინიქსში გადავა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული