აღიარება: მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაზე პირველია

AutoSharing Option
მოლოდინი გამართლდა - მანუჩარ მარკოიშვილი ოთხშაბათს "ჟალგირისთან" თამაშის შემდეგ ევროლიგის ტოპ-16-ის მეექვსე ტურის MVP-ად დაასახელეს.

იკითხავთ: რას ნიშნავს ეს ინგლისური აბრევიატურა? სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: ყველაზე ღირებული მოთამაშე. ასე რომ, ევროპის უმთავრესი საკლუბო შეჯიბრების მეექვსე ტურის 8 მატჩის მონაწილე 192 კალათბურთელს შორის საუკეთესო მანუჩარი იყო.

მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, ლიტველებმა მარკოიშვილის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და მისგან 32 ქულა მიიღეს. მანუს ბადალი არც მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ჰყავდა - 35. ქართველი უკანახაზელის გვარი ისეთი კალათბურთელების გვედრით ჩაიწერა, როგორებიც არიან ანდრეი კირილენკო, ბო
მაკალები, ნიკოლას ბატუმი... ისინი სხვადასხვა ტურის რჩეულნი არიან.

დროა "სიტყვა გადავცეთ" ევროლიგის ოფიციალურ საიტს:

"იტალიურმა "კანტუმ" წლევანდელი ევროლიგა საოცარი თამაშით დაასრულა - "ჟალგირისი" სტუმრად 77:71 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში შესანიშნავად ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც საევროლიგო კარიერაში ყველაზე მეტი, 32 ქულა მიითვალა და ტურის MVP-ის ჯილდოც დაიმსახურა. მან 10-დან 5 სამქულიანი, 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც ტოპ-16-ის N3 მაჩვენებელია.

25 წლის ახალგაზრდა ქართველი ევროლიგაზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა - 2003 წელს ტრევიზოს "ბენეტონთან" ერთად ევროლიგის ფინალი ითამაშა. მას მერე ამ შეჯიბრებაში ლიუბლიანის "ოლიმპიას" მაისურით გამოდიოდა, ხოლო ბოლო ოთხი სეზონი ისეთ კლუბებში თამაშობდა, რომლებიც ევროლიგაზე არ ასპარეზობდნენ.

მარკოიშვილს მეექვსე ტურში საუკეთესოობას მადრიდელი ფელიპე რეიესი და მაქაბელი რიჩარდ ჰენდრიქსი ეცილებოდნენ. პირველმა "რეალთან" ერთად იტალიური გრანდი "მონტეპასკი" სიენაში დაამარცხა, 17 ქულა, 14 მოხსნა მოაგროვა და სარგებლიანობის მაჩვენებლით მანუჩარს მცირედით ჩამორჩა - 30. ჰენდრიქსმა კი "ბარსელონასთან" წაგებულ შეხვედრაში 24 ქულა მიითალა.

დაბოლოს, მარკოიშვილის 32 ქულა სარეკორდოა არა მხოლოდ ტურში, არც მხოლოდ ტოპ-16-ში, არამედ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში."

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ტურის საუკეთესო კალათბურთელად სხვადასხვა დროს კიდევ ორი ქართველი დასახელებულა: 2003 წელს ზაზა ფაჩულია, ხოლო 2005-ში ვლადიმერ ბოისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული