ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი "ოკლაჰომასთან"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მორიგი ორმაგი დუბლი და დამარცხებული ლიგის ლიდერი... "ატლანტა ჰოუქსმა" 4 მარტს, გამთენიისას, დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო წარმომადგენელი, მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე "ოკლაჰომა" თავის კევინ დურანტითა და რასელ ვესტბრუკიანად დაამარცხა.

ქართველი ცენტრისა და დანარჩენი ატლანტელების ჩაუქობით "ქორებმა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს.

საბოლოო შედეგი 97:90 დაფიქსირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ატლანტელები მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდნენ, თუმცა არასაიმედოდ. "ოკლაჰომა" მცირედით ჩამორჩებოდა და შტურმისთვის ნიადაგს ამზადებდა. ბოლო მეოთხედში გამოჩენილი შეუპოვრობის წყალობით ატლანტელებმა საწადელს მიაღწიეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 41 წუთს
ითამაშა. უოვერტაიმო მატჩში ზაზას მიმდინარე სეზონში ასე დიდხანს არ უთამაშია. ქართველმა ცენტრმა 11 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულა დააგროვა.

ამას გარდა, ზაზა ფარქვეშ კარგად გაისარჯა და 14 მოხსნა მოაგროვა. ორმაგ დუბლს ფაჩულიამ 2 პასი და 1 ჩაჭრაც შემატა. ორმაგი დუბლი ამ შეხვედრაში კიდევ ერთ მოთამაშეს - ატლანტელთა ლიდერ ჯოშ სმიტს ჰქონდა: 30 ქულა, 12 მოხსნა. მოპოვებული გამარჯვებით კევინ დურანტის 35 და რასელ ვესტბრუკის 25 ქულას ატლანტელებმა სიკაშკაშე დაუკარგეს.

22 მოგებითა და 15 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთის ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩში, 6 მარტს, "ქორები" "ინდიანას" სტუმრად გაეჯიბრებიან.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული