ვლადიმერ ბოისას, ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეისის გუნდები დამარცხდნენ

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსი", რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, მეხუთეადგილოსან "აგორს" დაუპირისპირდა.

ფავორიტი "პანიონიოსი" იყო, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში მაღალ მიზნებს ისახავს. თუმცა იგი "აგორმა" გზიდან მძიმე ლოდივით გადააგორა - ათენში 77:76 მოუგო.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი, 30 წლის ვლადიმერ ბოისა მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა 1 ორქულიანის აცილება და 2 პერსონალურის მიღება მოასწრო.

13 მოგებითა და 7 წაგებით "პანიონიოსი" საბერძნეთის ჩემპიონატში კვლავ მე-4 ადგილზეა. "აგორმა" კი მასთან ჩამორჩენა ერთ მოგებამდე შეამცირა. მომდევნო ტურში, რომელიც 7 მარტს გაიმართება, ჩემპიონატში მონაწილეთა კენტობის გამო ბოისას
გუნდი ისვენებს, უახლოესი შეხვედრა 17 მარტს ელის - "პერისტერის" უმასპინძლებს.

* * *

თურქეთის ჩემპიონატში მესამეადგილოსან "ბანვითთან" შინ ვერაფერი გააწყო ტორინ გრინის "თოფაზმა". სტუმრებმა პირველი ტაიმის შემდეგ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო წუთებამდე მისი შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. 78:70 "ბანვითის" სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა კალათბურთელმა, გრინმა მოედანზე 31 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი შესძინა. მის ანგარიშზე 10-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოა.

"თოფაზს" 11 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და თურქულ სუპერლიგაში მე-8 ადგილზეა.

* * *

ესპანურ ლიგაში 22 ტური მიილია, მაგრამ "გრან კანარია" 10 მოგებამდე ჯერაც ვერ ავიდა. კუნძულელებმა ამჯერად "მანრესას" უმასპინძლეს და 63:77 წააგეს.

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი გამთამაშებელი მარკიზ ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და მასპინძლებს 28 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ქულათა რაოდენობით მარკიზი მატჩის თანაბომბარდირი გახდა. მის მსგავსად 18-18 ქულა მიითვალეს მანრესელებმა ჯოშ ასელინმა და ჯასტინ დოლმანმა.

"გრან კანარია" 8 მოგებითა და 14 მარცხით პრიმერადივიზიონში მეთოთხმეტე ადგილზეა. შეჯიბრებაში 18 გუნდი მონაწილეობს. 7 მარტს კუნძულელები მურსიაში ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული