ფავორიტი "პანიონიოსი" იყო, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში მაღალ მიზნებს ისახავს. თუმცა იგი "აგორმა" გზიდან მძიმე ლოდივით გადააგორა - ათენში 77:76 მოუგო.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი, 30 წლის ვლადიმერ ბოისა მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა 1 ორქულიანის აცილება და 2 პერსონალურის მიღება მოასწრო.
13 მოგებითა და 7 წაგებით "პანიონიოსი" საბერძნეთის ჩემპიონატში კვლავ მე-4 ადგილზეა. "აგორმა" კი მასთან ჩამორჩენა ერთ მოგებამდე შეამცირა. მომდევნო ტურში, რომელიც 7 მარტს გაიმართება, ჩემპიონატში მონაწილეთა კენტობის გამო ბოისას
* * *
თურქეთის ჩემპიონატში მესამეადგილოსან "ბანვითთან" შინ ვერაფერი გააწყო ტორინ გრინის "თოფაზმა". სტუმრებმა პირველი ტაიმის შემდეგ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო წუთებამდე მისი შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. 78:70 "ბანვითის" სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა კალათბურთელმა, გრინმა მოედანზე 31 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი შესძინა. მის ანგარიშზე 10-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოა.
"თოფაზს" 11 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და თურქულ სუპერლიგაში მე-8 ადგილზეა.
* * *
ესპანურ ლიგაში 22 ტური მიილია, მაგრამ "გრან კანარია" 10 მოგებამდე ჯერაც ვერ ავიდა. კუნძულელებმა ამჯერად "მანრესას" უმასპინძლეს და 63:77 წააგეს.
ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი გამთამაშებელი მარკიზ ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და მასპინძლებს 28 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
ქულათა რაოდენობით მარკიზი მატჩის თანაბომბარდირი გახდა. მის მსგავსად 18-18 ქულა მიითვალეს მანრესელებმა ჯოშ ასელინმა და ჯასტინ დოლმანმა.
"გრან კანარია" 8 მოგებითა და 14 მარცხით პრიმერადივიზიონში მეთოთხმეტე ადგილზეა. შეჯიბრებაში 18 გუნდი მონაწილეობს. 7 მარტს კუნძულელები მურსიაში ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"