ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა

AutoSharing Option
კევინ გარნეტი, დუაიტ ჰოვარდი და ახლა უკვე ლებრონ ჯეიმსი - ეს იმ სუპერვარსკვლავთა სიაა, რომლებთანაც ზაზა ფაჩულიას მოედანზე თუ არ უჩხუბია, ზღვარგადასულად უკამათია.

"ატლანტა ჰოუქსის" ქართველმა ცენტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს და არავის არაფერს არ უთმობს.

ლებრონ ჯეიმსთან შეტაკება ფაჩულიას 8 მარტს, გამთენიისას მოუხდა. შეხვედრა მაიამიში გაიმართა და ძალიან დაძაბული გამოდგა. მესამე მეოთხედში, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ბურთის მოსაპოვებლად მოედანზე გაწოლილ ქართველ ცენტრს ლებრონი ზედ დაახტა.

ტკივილისგან შეწუხებულ ფაჩულიას ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა და "თავდამსხმელი" ჯეიმსი მკლავით მოიშორა.
ლებრონი ქართველს გაექაჩა და გვარიანი ჩოჩქოლი ატყდა, რომელიც სხვა მოთამაშეებმა გაანეიტრალეს. ზეზე წამომდგარი ჯეიმსი კისერს იზელდა, აქაოდა, ფაჩულიამ გამეტებით წამიჭირაო.

საბოლოოდ მსაჯმა ქართველი ცენტრი ტექნიკურით დასაჯა და თამაში განახლდა. შეხვედრა ბოლო წამებამდე თანაბარი და დაძაბული იყო. უდონის ჰასლემის ორქულიანმა მაიამელები შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 3 ქულით დააწინაურა. სირენის თანხლებით ნასროლი გამთანაბრებელი სროლა ჯანერო პარგოს აუცდა და "ატლანტამ", რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე მოუგია მაიამიში, ამჯერად მარცხი იწვნია - 86:89.

რაც შეეხება ფაჩულიას მონაგარს, ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ფაჩულიამ 41,34 წუთში 10 მოხსნა, 9 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 9-იდან 4 ორქულიანი და 2-იდან 1 საჯარიმო მიითვალა. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - 31 ქულა, 11 მოხსნა.

23 მოგებითა და 16 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-6 ადგილზეა. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს დეტროიტში გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული