ზაზა ფაჩულია ფარზე გამეფდა - 2000

AutoSharing Option
"ზაზა ფაჩულია ორივე ფარზე დომინირებდა. მას უფრო შედეგიანი საღამო ექნებოდა, ფოლებით რომ არ დატვირთულიყო.

- ზაზა ძალიან დაგვეხმარა. როცა იგი ფარქვეშ ასე თამაშობს, უფრო ეფექტურიცაა და გამარჯვებაც იოლდება, - აღნიშნა ჯოშ სმიტმა".

ბრჭყალებში მოცემული სიტყვა, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს ფაჩულიას ღირებულებას "საკრამენტო კინგსთან" მატჩში, გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენიდანაა".

28 წლის ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მეექვსე ორმაგი დუბლი მიითვალა: ორნიშნა რიცხვი ჩაიწერა როგორც მოხსნებში, ისე ქულათა გრაფაში - 10 ქულა, 13 მოხსნა.

შესავლიდან იმასაც მიხვდებოდით, რომ ფაჩულიამ საკმარისზე მეტი ჯარიმა მიიღო. უფრო კონკრეტულად,
ფოლების მაქსიმალური რაოდენობა - 6.

ამდენი ჯარიმის შემდეგ კი NBA-ში მოედანს ტოვებენ. სხვათა შორის, ზაზამ ფოლების ლიმიტის ამოწურვის გამო მოედანი ბოლოს 2009 წლის 22 დეკემბერს "მინესოტასთან" მატჩისას დატოვა. სულ კი 12-ჯერ აქვს მიღებული 6 ჯარიმა.

რადგან ციფრებში შევიჭერით, ბოლომდე ვთქვათ: ფაჩულიამ სწორედ საკრამენტოელ "მეფეებთან" მიაღწია 2000-იან ნიშნულს - მეორე პერიოდის დასრულებამდე 7:11 წუთით ადრე იგი საკუთარი ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა, რაც მე-2000 დაცვითი მოხსნა აღმოჩნდა ამერიკაში გადასვლის შემდეგ. ფაჩულიას ორივე ფარზე ბურთი სულ 3263-ჯერ აქვს მოხსნილი.

თანაგუნდელთა გამარჯვებაში 21-ქულიანი წვლილი შეიტანა ტრავმამოშუშებულმა ჯო ჯონსონმა, ხოლო ჯოშ სმიტმა 28 მოაგროვა და მასპინძელ კასინსთან ერთად შეხვედრის ბომბარდირობა გაიყო.

24 მოგებითა და 17 წაგებით "ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. ჯორჯიელებს მომდევნო შეხვედრა 13 მარტს დენვერში "ნაგეტსთან" ელით.

საკრამენტო-ატლანტა 99:106
ზაზა ფაჩულია: 30 წუთი, 10 ქულა (6/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 13 მოხსნა, 1 პასი, 6 ფოლი, 2 შეცდომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული