ზაზა ფაჩულია: ეს შეხვედრა ისტორიიდან უნდა ამოვშალო

AutoSharing Option
დენვერში, ადგილობრივ "ნაგეტსსა" და "ატლანტას" შორის ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წამით ადრე ჯორჯიელებმა ბურთი პირითი ხაზიდან შემოიტანეს, ფარქვეშ გახსნილ ზაზა ფაჩულიას გადააწოდეს, რომელიც ორ ნაბიჯში კალათს მიუახლოვდა და ისეთი ბურთი ააცილა, სხვა შემთხვევაში ათიდან ათს რომ ჩააგდებდა. ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება იმიტომაც მოჰყვა, რომ შეეძლო მატჩის ბედი შემოეტრიალებინა. "ატლანტამ" ხომ მინიმალური სხვაობით, 117:118 წააგო.

სხვათა შორის, იგივე დაემართათ დენვერელებს: ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე ფარქვეშიდან როგორ ვერ ჩააგდო ლოუსონმა, ალბათ თავადაც ვერ მიხვდა, ხოლო ოვერტაიმში ზაზას ტყორცნამდე მასპინძელ ილარიოს თანაგუნდელების
2 ქულით დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ მანაც წარმოუდგენლად იოლი ბურთი გააფუჭა და 2+1 ქულის ნაცვლად 1+1 მოინაგრა.

მოკლედ, ეს იყო მატჩი, რომელიც დრამატიზმით ბევრ ფილმს სჯობდა. თანაც, აქ ყველაფერი ნატურალურად მოხდა. "ატლანტას" ძირითად დროშიც შეეძლო მოგება, მაგრამ ანგარიშზე 104:102 ("ჰოქსის" სასარგებლოდ) სირენამდე 3 წამით ადრე იტალიელმა გალინარიმ ჯორჯიელთა კალათში მოედნის კუთხიდან საოცარი ბურთი ჩააგდო. თუმცა, დარჩენილ 3 წამში ჰაინრიხმა ორი ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა. პირველი გამოიყენა, მეორე - ვერა და ასე გაგრძელდა შეხვედრა ოვერტაიმში.

- ჰაინრიხისა და ფაჩულიას აცილებულ ტყორცნებს თამაშის წაგებას ვერ დავაბრალებთ. ბიჭებსაც ვუთხარი - ეს შეხვედრა პირველ ტაიმში დავთმეთ, როცა "დენვერის" მოძალებას ვერ გავუძელით, - აღნიშნა ნამატჩევს "ჰოქსის" თავკაცმა ლარი დრიუმ.

"დენვერის" დამრიგებელმა ჯორჯ კარლმა კი ფაჩულიას მიერ ბოლოს ნატყორცნის გახსენება არ ისურვა:
- ეს ის შემთხვევა იყო, როცა ფორტუნამ ჩვენ გადმოგვხედა. "ატლანტას" მანამდეც შეეძლო მოგება, მაგრამ საოცარი ტყორცნები გამოვიყენეთ.

ზაზამ მატჩის შემდეგ მითხრა:
- ეგ შეხვედრა ისტორიიდან უნდა ამოვშალო. ძალიან ცუდი გასახსენებელია. ბოლო ეპიზოდში ბურთზე ხელი ოდნავ წამიკრა დანილო გალინარიმ. ამიტომაც ვერ ჩაეშვა კალათში...

28 წლის ქართველმა გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტ ჟურნალისტ მაიკლ კანინგემთან საუბრისას აღნიშნა:
- ვერ ჩავაგდე. არადა შესანიშნავი შანსი მომეცა თამაშის გადარჩენისა. მანამდე გუნდსაც ჰქონდა არაერთი შანსი, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყო. თავად განსაჯეთ: ჯერ (ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე) პარგოს ბურთი ფეხზე მოხვდა, გვერდითი ხაზი გადაკვეთა და შეტევის უფლება მეტოქეს დარჩა; შემდეგ გალინარიმ ჩააგდო წარმოუდგენელი სამქულიანი; ამას მოჰყვა ჰაინრიხის მიერ აცილებული საჯარიმო;

ბოლოს მეც ვერ გამოვიყენე... თუმცა იღბალი თავის გასამართლებლად არ გამოდგება. უნდა ჩამეგდო. ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ.
ასეა თუ ისე, ზაზამ მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი გააუმჯობესა - მოედანზე 45 წუთი გაატარა. აქამდე ყველაზე მეტი, 42 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

დენვერი-ატლანტა 118:117
ზაზა ფაჩულია: 45 წუთი, 6 ქულა (8-დან 3 ორქულიანი), 13 მოხსნა, 2 პასი, 1 შეცდომა, 3 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული