ვლადიმერ ბოისა: თუ "პანიონიოსი" 30 დღეში ფულს არ მომცემს, ფიბა-ს მივმართავ

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისას ირგვლივ გაურკვევლობა "პანიონიოსის" პრეზიდენტის, ელიას ლიანოსის გამო შეიქმნა. გუნდის ტრავმირებული წევრის, ნიკოს ბარლოსის გამოჯანმრთელების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა "პანიონიოსში" აღარ ითამაშოს.

ვოვა კი გუნდში რჩება და კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს ასრულებს.

ბოისას 19 მარტს შევეხმიანეთ, რომელიც სლოვენიაში იყო და ათენში ბრუნდებოდა.

- ორი დღით ლუბლიანაში ვიყავი, ჩემი ოჯახის წევრები მოვინახულე და ათენში ვბრუნდები. დღესვე "პანიონიოსის" ვარჯიშზე უნდა მივიდე.

- საბერძნეთის გასულ ტურში განაცხადში არ ყოფილხარ. "პანიონიოსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის შემადგენლობაში შენი გვარი ვერ ვიპოვეთ.
რის გამო ხდება ეს?
- მას შემდეგ, რაც გუნდს ტრავმირებული მოთამაშე ნიკოს ბარლოსი დაუბრუნდა, გუნდის მწვრთნელმა დამიბარა და მითხრა, რომ კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, განაცხადში შენს ადგილს ბარლოსი დაიკავებსო.

მწვრთნელ გიორგოს ბარძოკასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ის არ წყვეტს ამ საკითხს. როგორც ვიცი, კლუბის მფლობელს არ სურს, რომ ხელფასი გადამიხადოს.

- თუ აქვს ამის უფლება?
- მართალია, გუნდმა 3 თვის წინ ტრავმირებული ნიკოს ბარლოსის ნაცვლად ამიყვანა, მაგრამ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გამიფორმა და ვალდებულია, პირობები შეასრულოს. ჯერჯერობით ყველაფერი სრულდება. ათენში, ჩემს ბინაში ვცხოვრობ და ვარჯიშებზე დავდივარ. ერთი ისაა, რომ ძირითად შემადგენლობაში აღარ ვარ და თავისთავად, არც სამატჩო განაცხადში ვხვდები.

- კლუბის ხელმძღვანელობასთან უფრო კონკრეტულად ხომ არ გილაპარაკია?
- მხოლოდ მწვრთნელს ვესაუბრე. გენერალურ მენეჯერთან ან ვინმე ხელმძღვანელთან კონტაქტი არ მქონია. მხოლოდ ის ვიცი, რომ მათ სურთ, რომ გუნდი დავტოვო.

გუნდში ახლა 14 მოთამაშეა და, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კალათბურთელი ჩემს სიტუაციაში აღმოჩნდება. არავის, მით უმეტეს, ბერძნებს, არ სურთ, რომ ზედმეტ მოთამაშეებს გადაუხადონ ხელფასი.

- ახლა რას აპირებ?
- ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა. კონტრაქტის თანახმად, თუკი გუნდი ხელფასს 30 დღის განმავლობაში დააგვიანებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ზომების მიღება.

ჯერჯერობით ველოდები და თუ აღნიშნულ ვადაში ხელფასს არ მომცემენ, შემდეგ უკვე ფიბა-ს არბიტრაჟს მივმართავ.

გუნდის ხელმძღვანელ ელიას ლიანოსს სურს, რომ მდგომარეობიდან გამოვიდე და იქაურობა დავტოვო. სიმშვიდეს ვინარჩუნებ, ვარ კლუბში და ვარჯიშებზეც დავდივარ. ვასრულებ კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა ჩემს ვალდებულებას, რადგან თუკი საქმე სასამართლომდე მივა, კლუბის ხელმძღვანელებს თავის გამართლების რაიმე არგუმენტი არ ჰქონდეთ.

- ბერძნულ პრესაში დაიწერა, რომ "პანიონიოსის" პრეზიდენტმა შენს მენეჯერს შენთვის ახალი კლუბის მოძებნა სთხოვა...
- ჩემი მენეჯერი კლუბის ძიებას უკვე შეუდგა და თუკი შესაფერის ვარიანტს იპოვის, "პანიონიოსს" უმტკივნეულოდ დავშორდები. კონტრაქტი კიდევ 2 თვე მაქვს და თუკი რომელიმე გუნდი დარჩენილი ხელფასის ანაზღაურებას დათანხმდება, ბუნებრივია, იქ გადავალ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული