ზაზა ფაჩულიამ "ატლანტაში" საუკეთესო შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას და კევინ გარნეტს ამჯერად არ უჩხუბიათ. ქართველმა კალათბურთელმა "ბოსტონის" სუპერვარსკვლავს მოედანზე კარგი თამაშით დაუმტკიცა საკუთარი ძალა.

"ატლანტა"-"ბოსტონის" მატჩში ფაჩულია საკუთარი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგი დუბლი და ატლანტელთაგან მთლიანობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

გარნეტთან ჩხუბი იმიტომ ვახსენეთ, რომ მასთან ფაჩულიას არაერთხელ მოსვლია შეხლა. ამჯერადაც საკმაოდ აგრესიულ ურთიერთობაში იყვნენ, რასაც ეს ფოტოც მოწმობს, თუმცა საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. თუკი წლების მანძილზე გარნეტი ფორვარდად თამაშობდა, ბოლო მატჩებია ის "ბოსტონში" ნომინალური ცენტრის პოზიციაზეა და დღევანდელ მატჩშიც უშუალოდ
ქართველ ცენტრთან უწევდა პაექრობა.

გარნეტი-ფაჩულიას დუელიდან გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა. ფაჩულიამ მატჩი 16 ქულით, 13 მოხსნითა და 3 ჩაჭრით დაასრულა, ხოლო გარნეტის მონაგარი შემდეგი იყო: 16 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა.

ზაზამ მოედანზე 39 წუთი გაატარა, გარნეტმა - 37. ფაჩულიამ 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 9 ტყორცნიდან 8 მიითვალა.

გარნეტმა 17-იდან 7 ორიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. "ბოსტონის" ვარსკვლავმა რომ თამაშიდან განხორციელებული სროლების უმეტესობა ააცილა, სწორედ ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის დამსახურებაა.

ეს ფაჩულიას მეცხრე ორმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში. ქართველი ცენტრი "ატლანტასთვის" დიდ ძალას წარმოადგენს. ზაზამ "ჰოუქსს" ძირითადი ცენტრის, ალ ჰორფორდის დანაკლისი არ აგრძნობინა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში ღირსეულად შეცვალა ჯორჯიელთა ტრავმირებული ცენტრი.

ამ მატჩში ფაჩულიასთვის უარყოფითი მხოლოდ საბოლოო შედეგია. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და რომ არა ბოლო მეოთხედში გამოჩენილი ინერტულობა, ატლანტელები პრინციპულ მეტოქეს დაამარცხებდნენ.

მთელი შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, სანამ ბოსტონელთა გამოცდილი უკანახაზელი არ აფეთქდა. რეი ალენმა ბოლო მეოთხედში მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და ბოსტონელებს რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი 13:0 მოაგებინა. მაყურებელთა მხარდაჭერის ფონზე ატლანტელებმა მაინც მოახერხეს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება - ჯო ჯონსონის სამქულიანის შემდეგ, საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე, ანგარიში 76:77 გახდა. ბოლო წამებზე ისევ რეი ალენმა იჩაუქა, რომელმაც ორი საჯარიმო ჩააგდო და "ბოსტონს" 79:76 მოაგებინა.

ამ გამარჯვებით "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში თითქმის გაუთანაბრდა მეექვსე ადგილზე მყოფ "ატლანტას". ამ გუნდებს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. მომდევნო მატჩში, 22 მარტს, ფაჩულიას გუნდი "კლივლენდს" უმასპინძლებს, რომელიც 2 დღის წინ სტუმრად 103:87 გაანადგურა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზამ საოცრად მოუმატა!! ის ჩვენი სიამაყეა! თანდათან ყალიბდება დიდ კალათბურთელად, ხოლო როგორც პიროვნება ყოველთვის დიდებული იყო!!
shoda
20:09 20-03-2012
0

სიახლეები პოპულარული