20 მოხსნა! - ზაზა ფაჩულიას რეკორდები NBA-ს ისტორიულ მატჩში

AutoSharing Option
20 მოხსნა! - ეს ზაზა ფაჩულიას ახალი რეკორდია, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9-წლიანი თამაშის განმავლობაში მან 26 მარტს, "იუტა ჯაზთან" შეხვედრაში მოაგროვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებული დროის მიხედვითაც პირადი რეკორდი დაამყარა - ზაზამ "იუტასთან" შეხვედრაში 54,10 წუთი ითამაშა.

ამაში ქართველ ცენტრს, რა თქმა უნდა, მატჩის ხანგრძლივობა დაეხმარა. "ატლანტასა" და "იუტას" დაპირისპირება 68 წუთს გაგრძელდა, რაც ნბა-ს ბევრისმნახველი ისტორიისთვის მთლად სარეკორდო შედეგი არ არის, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. ეს გახლდათ მეცხრე ოთხმაგი ოვერტაიმი, რომელიც ნბა-ში დაფიქსირდა და პირველი, 1997
წლის შემდეგ, როცა "ფინიქსმა" "პორტლენდს" 140:139 მოუგო.

ეს შეხვედრა კი 139:133 დასრულდა და რაც მთავარია, ქართველის გუნდის გამარჯვებით. ამ მოგებაში ფაჩულიას წვლილი უდიდესია. მან მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი, 20 მოხსნა განახორციელა, არადა, თამაში ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, ალ ჯეფერსონის წინააღმდეგ უწევდა, რომელმაც 51 წუთში 17 მოხსნა მოაგროვა.

ფაჩულიას საუკეთესო შედეგი აქამდე 18 მოხსნა გახლდათ, რომელიც მან თავის კარიერაში ორჯერ განახორციელა. ამ მატჩში კი ზაზამ 20-მოხსნიანი მწვერვალიც დალაშქრა. ამასთან, მისი საკუთარ ფარზე მითვლილი 12 მოხსნაც ზაზას პირადი რეკორდია.

ფარზე გაწეულ ფასდაუდებელ სამუშაოსთან ერთად ფაჩულიამ შეტევაშიც კარგად ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 11-იდან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 3-იდან 3 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოო ჯამში 15 ქულა მოაგროვა. ესეც ფაჩულიას სეზონის მეათე ორმაგი დუბლი.

ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: ზაზამ მოედანზე ყოფნის სარეკორდო დროში ბურთი არცერთხელ დაკარგა. მან ორმაგ დუბლთან ერთად 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მოაგროვა. ეს უკანასკნელი შედეგი კი მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.

რაც მთავარია, ზაზა მოედანზე იყო თამაშის ბოლომდე და დამატებით პერიოდებშიც არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. გამოსარჩევია მეორე ოვერტაიმში ჯარიმის თანხლებით ჩაგდებული ორქულიანი; ასევე - მესამე ოვერტაიმში გამოჩენილი სიზუსტე, რომლის შემდეგაც ატლანტელებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა მეოთხე დამატებით 5-წუთეულამდე მივიდა.

ამ დრამატული მატჩის შემდეგ "ატლანტამ" მოგება-წაგებები დაამრგვალა: 30-20. ამ შედეგით ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე არიან. ამით დასრულდა "ქორების" სამდღიანი მარათონი, რომლის განმავლობაშიც ჯორჯიელებმა სამი მატჩი ჩაატარეს და სამივე მოიგეს.

მომდევნო მატჩში ფაჩულიას გუნდს მილუოკიში 28 მარტს გამთენიისას ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული