ზაზა ფაჩულიას შვიდიანები "მილუოკი ბაქსთან"

AutoSharing Option
ზედიზედ მოპოვებული 4 გამარჯვების შემდეგ "ატლანტა ჰოუქსმა" წააგო. ჯორჯიული კლუბის შედეგიანი სერიის წამხდენი "მილუოკი ბაქსი" აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში - 108:101 იმარჯვა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ ატლანტელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი 22:30 დათმეს და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც.

შეიძლება ითქვას, რომ ატლანტელებს ძალა აღარ ეყოთ. სამ დღეში ზედიზედ ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ "ქორებმა" ერთი დღე დაისვენეს და მილუოკიში "ბაქსთან" სათამაშოდ ჩაფრინდნენ. 3 პერიოდი ყოჩაღადაც იომეს, მაგრამ...

ქართველმა ცენტრმა ნორმალურად ითამაშა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანი 7
ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა. ზაზამ მოედანზე მთლიანობაში 32:22 წუთი გაატარა და 5-იდან სამ ორქულიანთან ერთად ორში ერთი საჯარიმოც ჩააგდო.

კარგად გაისარჯა ფაჩულიას მარქაფი ივან ჯონსონი, რომელმაც თამაშიდან ნასროლი შვიდივე სროლა ჩააგდო და შეხვედრა კარიერის საუკეთესო შედეგით - 17 ქულით დაასრულა. შესანიშნავად ითამაშა ჯოშ სმიტმა, რომელმაც ატლანტელებს 30 ქულასთან ერთად 18 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა, თუმცა მას სათანადოდ მხარი ვერ აუბა ჯო ჯონსონმა, რომლის უნიათო გარჯის ბრალი იყო, ატლანტელებმა რომ ვერ იმარჯვეს.

30 მოგება და 21 მარცხი - ატლანტელთა ეს შედეგი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილის ტოლფასია. ჩაუქობს "ინდიანა", რომელიც მე-5 ადგილს ხან უთმობს და ხანაც ართმევს ატლანტელებს. "ქორებს" არც ამჯერად აქვთ შესვენება - ხვალ ისინი უკვე შინ "ჩიკაგოს" უმასპინძლებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული