პირველის გარდა, "ხარებმა" სამივე პერიოდში დამაჯერებლად ითამაშეს. მატჩის დასაწყისში კი "ატლანტა" ჰგავდა ფავორიტს: სამწამიან ზონასაც კარგად აკონტროლებდა, მეტოქეს არც შორი და არც ახლო დისტანციიდან ზუსტად ტყორცნას არ ანებებდა.
თავად "ქორები" ბურთს კარგად ატრიალებდნენ და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც სიზუსტით გამოირჩეოდნენ.
მეორე პერიოდიდან მოედანზე სათადარიგოების გამოჩენას "ჰოქსის" დაღმასვლა დაემთხვა, "ჩიკაგომ" 10-ქულიანი ფორა დაიბევა და მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. როგორც ჩანს, "ხარები" შესანიშნავ ფორმაში არიან. აბა, სხვა რას უნდა დავაბრალოთ, რომ მათ პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე 6-იდან 6 სამქულიანი ჰქონდათ გამოყენებული.
პირველ ტაიმში ზაზას ხელი ჩიკაგოელ კორვერს შუბლში მოხვდა და მოედანი სისხლიანმა დატოვა. წინა დღისით მილუოკიში კი, ხუთი ნაკერი დასჭირდა "ატლანტას" კაპიტან ჯო ჯონსონს. ტრავმა მანაც ფაჩულიასთან შეჯახების შემდეგ მიიღო.
"ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა (30 მოგება, 22 მარცხი), პირველია "ჩიკაგო" (მისი მონაგარი დასაწყისში გაგაცანით). ჯორჯიელები მომდევნო თამაშს 30 მარტს შინ "ნიუ იორკთან" გამართავენ.
* * *
"ატლანტას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ, რომელიც ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს. მას, პირველ რიგში, "იუტასთან" ოთხ ოვერტაიმზე ჰკითხეს.
- 4 დამატებითი ხუთწუთეული... ეს სიგიჟე იყო. გადამწყვეტ მომენტში თავისი საქმე კარგად შეასრულა ჯო ჯონსონმა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა. ბოლო ოვერტაიმში ვილი გრინის სამქულიანიც ძალიან დაგვეხმარა გამარჯვებაში. მიხარია, ასეთი გუნდის წევრი რომ ვარ.
- რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა...
- ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთეს პოზიციაზე ჩავამთავროთ რეგულარული, რათა პლეი ოფში სხვა გუნდებთან გარკვეული უპირატესობა მოვიპოვოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია კონფერენციის მეოთხედფინალს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და საუკეთესო თამაში ვუჩვენოთ. გუნდთან ერთად მეც ამისთვის ვემზადები.
- დღეისათვის "ატლანტაში" არაერთი ტრავმირებულია...
- იმედია, ჯანერო პარგო მალე შემოგვიერთდება. დაგვიბრუნდნენ ვლადიმირ რადმანოვიჩი და ჯეისონ კოლინზი. აპრილის შუამდე ისინი ფორმას აკრეფენ და ისევე ათამაშდებიან, როგორც ტრავმამდე. პლეი ოფის შეხვედრებში ხომ თითოეული კალათბურთელი გვჭირდება. თუ რესურსი სრულად არ აამოქმედე, შედეგს ვერ მიაღწევ.
ატლანტა-ჩიკაგო 77:98
ზაზა ფაჩულია: 32 წუთი, 7 ქულა (5/3 ორქულიანი, 2/1 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 3 ფოლი, 3 შეცდომა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"