ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა

AutoSharing Option
დაბადების დღეზე მოპოვებული გამარჯვება და შესრულებული ორმაგი დუბლი - ვიქტორ სანიკიძემ საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა.

იტალიური სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიურმა "კანადიან სოლარმა" შინაურ არენაზე "ბიელა" 62:53 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა კი ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა.

29 იანვრის შემდეგ სანიკიძეს ორმაგი დუბლი აღარ გაეკეთებინა. მას ხან 1 მოხსნა აკლდებოდა, ხან 2 ქულა, მარტის თვე კი თითქმის მთლიანად ტრავმის გამო გაუცდა.

როგორც ჩანს, ქართველმა ფორვარდმა ტრავმა სრულად მოირჩინა და უკვე სასურველ სპორტულ ფორმაში ჩადგა. სანიკიძემ "ბიელასთან" მოედანზე 33 წუთი
გაატარა, რის განმავლობაშიც 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

სანიკიძემ საშუალო და ახლო დისტანციებიდან შესანიშნავი მიზანი გამოავლინა - მან 4-იდან ყველა ნატყორცნი ჩააგდო, ხოლო შორიდან ცოტა სამიზნე აერია და 5 ცდიდან მხოლოდ 1 სამქულიანი მიითვალა.

მის ანგარიშზე იყო ასევე 1 დაფარება და 1 ჩაჭრა. სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 19 შეადგინა, რაც ბოლონიურ გუნდში ჯუზეპე პოეტას (26) შემდეგ მეორე შედეგი გახლდათ.

ბოლონიელებს, ისევე, როგორც სერია A-ს კიდევ 4 გუნდს, 15 მოგება და 10 წაგება აქვს. ეს გუნდები ბურთების შეფარდების გათვალისწინებით III-VII ადგილებზე არიან განლაგებულნი. ამ გუნდებს შორის არის ნიკა მეტრეველის "სასარიც", რომელმაც ამ ტურში სტუმრად "ვარეზესთან" 79:85 წააგო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 2 უშედეგო წუთი გაატარა.

მომდევნო მატჩი სანიკიძის გუნდს 8 აპრილს, სტუმრად "ვენეციასთან" ელის.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული