ზაზა ფაჩულია ფარზე ბატონობას არავის უთმობს

AutoSharing Option
ოთხდღიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა კვლავ ითამაშა. როგორც ჩანს, ატლანტელებს დასვენება ძალიან წაადგათ - "ჰოუქსმა" მეტოქე "შარლოტს" შანსი არ დაუტოვა და საკუთარ, "ფილიპს არენაზე" 120:93 გაანადგურა.

ყველაფერი მეორე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულის სხვაობით მოიგეს. დარჩენილ დროში ატლანტელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე სეზონში 32-ე გამარჯვებამდე.

ფაჩულია კვლავ საუკეთესო მეფარე გახდა. მოედანზე მყოფთაგან ქართველი კალათბურთელი იყო ერთადერთი, რომელმაც ათმოხსნიანი ზღვარი დაძლია. ზაზას ანგარიშზე 11 მოხსნა გახლდათ.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. საერთოდ, ატლანტელებში სათამაშო დრო დაახლოებით
თანაბრად გადანაწილდა. არც ერთ კალათბურთელს 30 წუთი არ უთამაშია. ხუთეულის წევრების სათამაშო დრო 23-იდან 29 წუთამდე განისაზღვრა.

11 მოხსნასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 4-იდან 2 ორქულინი და 2-იდან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ატლანტელებს კვლავ ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

32 მოგების წილ ატლანტელებს 23 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთში კვლავ მე-6 პოზიციაზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 7 აპრილს საკუთარ მოედანზე "დეტროიტთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული