19 წლის ქართველი, რომელმაც ამერიკელები აალაპარაკა

AutoSharing Option
დიდი ხანია, საქართველოს ნაკრების რომელიმე კალათბურთელზე უცხოელებს ვრცელი სტატია არ დაუწერიათ. ამის ფონზე ნამდვილად გასაკვირია 19 წლის ოთარ ფხაკაძის შესახებ გაჩენილი "მსუყე" პუბლიკაცია ამერიკულ გაზეთ "რედინგში". თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ოთარის მიღწევებს, ამერიკელთა ყურადღებას ლოგიკურადაც მივიჩნევთ.

ოთარ ფხაკაძე 2009-10 წლებში საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრი იყო. მას მერე ოკეანის გაღმა გადავიდა და კარიერას "ლიბერთის" სასწავლებელში აგრძელებს, რომლის საკალათბურთო გუნდის ლიდერიცაა. იგი ჩრდილოეთის V დივიზიონში საშუალოდ 13 ქულასა და 7.5 ქულას აგროვებდა. მეტსაც გეტყვით, ოთარი დივიზიონის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. მესამე ნაკრებში კი
ფორვარდმა გიორგი პაპაშვილმა დაიდო ბინა, რომელიც ასევე "ლიბერთის" ღირსებას იცავს.

მას აქვს კალათბურთი
დროა, სიტყვა გადავცეთ ამერიკული სტატიის ავტორ ტომას ლოურენსს. სათაური ასეთია: "ოთარის ოდისეა: ქართველი უკანახაზელი "ლიბერთის" დივიზიონის ჩემპიონობისკენ გაუძღვა".

"ოთარ ფხაკაძეს შესანიშნავი სეზონი აქვს: "ხუთი ვარსკვლავის ლიგის" საუკეთესო კალათბურთელად, ჩრდილოეთის V დივიზიონის სიმბოლური ხუთეულის წევრად დასახელდა.

- ოთარი სხვა კალათბურთელებისგან ბევრით გამოირჩევა: არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. მეც ვცდილობ, თავისუფლება მივცე. ადგილობრივები სტანდარტებში ჯდებიან, ვარჯიშებზე ბევრს მუშაობენ, შინ ფეხით არ ბრუნდებიან - აქვთ მანქანები. ფხაკაძეს კი აქვს კალათბურთი, - აცხადებს "ლიბერთის" მთავარი მწვრთნელი ტოდ ფრანკლინი.

ოთარი ამერიკაში თანაგუნდელ გიორგი პაპაშვილთან ერთად ჩავიდა. მათი პირველი დაბრკოლება საათობრივი სხვაობა იყო.

- საწყის ორ კვირას დღისით, ძირითადად, გვეძინა, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სხვაობა 24 საათია. იყო კიდევ ერთი დაბრკოლება - აქაური ენა კარგად არ მესმოდა, მაგრამ ტელევიზორს ხშირად ვუყურებდი და ალღო მალე ავუღე, - ამბობს ახალგაზრდა კალათბურთელი.

- სამი წელია, ფხაკაძე ჩვენთანაა. ინგლისურსაც შესანიშნავად ფლობს და დიდი ყურადღებიანობით გამოირჩევა. უყვარს მოსმენა. ეს შედეგებზეც ისახება, როგორც მოედანზე, ასევე სწავლაში, - განაგრძობს ტოდ ფრანკლინი.

პასის იმედად

გასულ სეზონში "ლიბერთიმ" დივიზიონის ჩემპიონის წოდება "ტრინითისთან" ორმაგ ოვერტაიმში დათმო (80:82). მატჩი დამატებით დროში სწორედ ფხაკაძის ზუსტმა სამქულიანმა გადაიყვანა...

ქართველის შესახებ ნამატჩევს "ტრინითის" თავკაცმა ჯეიმ გრინმაც ილაპარაკა:

- ფხაკაძის მონაწილეობით რამდენიმე შეხვედრა ვნახე და ვცდილობდი მეპოვნა გზა მის გასანეიტრალებლად. თუმცა იმდენად კარგი კალათბურთელია, რომ მხოლოდ იმედს ვიტოვებდი: თამაშს საკუთარ თავზე არ აიღებდა და პასს რომელიმე თანაგუნდელს გადასცემდა. ფხაკაძეს შეუძლია მატჩში 40 ქულის მოგროვება, მაგრამ ეს მისი მთავარი მიზანი არ არის - გაცილებით მნიშვნელოვანია გამარჯვება, რისთვისაც არაფერს იშურებს.

წლეულს "ლიბერთიმ" რეგულარული სეზონი 25 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. პლეი ოფში ფხაკაძის გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა "ბიგსი", "მაუნთ შასტა" და "ტალლეიქი", საჩემპიონო მატჩში კი "დურამს" 49:36 სძლია.

ისევ ტოდ ფრანკლინს მოვუსმინოთ:

- ოთარს გადამწყვეტი ტყორცნის შესრულებისა არ ეშინია. არადა, მისი ასაკის ბევრი ახალგაზრდა ერიდება ბოლო ტყორცნას. ქართველი სეზონთაშორის შესვენებისას, ზაფხულში დაუღალავად ვარჯიშობს და იცის, როგორ უნდა მნიშვნელოვან მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება.

როგორც ჩანს, მისი ინდივიდუალიზმი არც თანაგუნდელებს აბრაზებს. ერთ-ერთი კალათბურთელი მოგვითხრობს:

- ოთარის გვერდით თამაში ყველას სიამოვნებს. თავისუფალ პოზიციაზე მყოფი კალათბურთელი პასს დაუყოვნებლივ მიიღებს. გულდასაწყვეტია, რომ იგი გაისად ჩვენს გუნდში აღარ იქნება.

წარმატებული სეზონის შემდეგ ფხაკაძემ NCAA-ს I დივიზიონის არაერთი კოლეჯის ყურადღება მიიქცია. მათ შორის - "აიდაჰოსი" და "პეპერდაინისა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საკალათბურთო ვარსკვლავად გადაქცევა ვუსურვოთ ამ ახალგაზრდას. კაცობაში და ქართველობაშიც სანიმუშო ყოფილიყავი!
მერაბი
12:36 10-04-2012
0

სიახლეები პოპულარული