გიორგი შერმადინი: იმედია, ივლისამდე ტრავმას სრულად მოვირჩენ

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა 11 აპრილს ფეხის ოპერაცია გაიკეთა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "კანტუს" ცენტრმა ტრავმა ერთი კვირის წინ, ვარჯიშზე მიიღო და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

შერმადინს დაახლოებით ისეთი ტრავმა აქვს, როგორიც ჩვენი ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ გადაიტანა. შენგელიას ფეხის თითის ძვალი ჰქონდა გაბზარული და მის რეაბილიტაციას 3 თვე მოანდომა. თუ რამდენი ხანი დასჭირდება შერმადინს სარეაბილიტაციოდ, ჯერჯერობით უცნობია.

- ოპერაცია გუშინ გავიკეთე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფეხი უკვე თაბაშირში მაქვს და ყავარჯნებით გადავადგილდები.

- ოპერაცია თუ აუცილებელი იყო, 1 კვირის შემდეგ რატომ გაიკეთე?
- აუცილებელი არ ყოფილა. შეიძლებოდა, არ გამეკეთებინა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, სრული რეაბილიტაციის გარანტია რომ გვქონდეს, ქირურგიული ჩარევაა საჭიროო. წყნარად რომ ვყოფილიყავი და მომავალზე არ მენერვიულა, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე.

- ეს დრო გადაწყვეტილების მიღებას მოანდომე?
- არა, ოპერაციას რომ გავიკეთებდი, თავიდანვე ვიცოდი. უბრალოდ, აქ გასულ კვირას აღდგომა იყო, სადღესასწაულო დღეები დაემთხვა და რაკი საჩქარო არ ყოფილა, ოპერაციის დღედ ექიმებმა სამშაბათი დანიშნეს.

- ტრავმა როგორ მიიღე?
- ვარჯიშის ბოლო წუთები იყო, როცა ფეხი უხერხულად ამომიბრუნდა და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ტერფი ადრეც გადამტრიალებია, მაგრამ ეს სხვა იყო. იმწამსვე ექიმები მოვიდნენ და პირველადი დახმარება გამიწიეს.

ამობრუნების შედეგად ფეხი გამისივდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ნეკა თითთან ახლოს მდებარე ძვალი გამებზარა. საავადმყოფოში გადამიყვანეს და რენტგენი გადამიღეს. მას შემდეგ ყავარჯნებით გადავადგილდები. გუშინდელი ოპერაციის შემდეგ მოძრაობა მაქსიმალურად ამიკრძალეს.

- მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ექიმებს არ უთქვამთ?
- ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება. შესაძლებელია, აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპით წავიდეს, ან გაიწელოს.

დაახლოებით 2 კვირაში ექიმები ხელახალ შემოწმებას ჩამიტარებენ და მაშინ ალბათ მეცოდინება მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი თარიღი.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება 1 ივლისიდან იწყება და, ალბათ, მანამდე მწყობრში ჩადგები...
- იმედია, ივლისამდე ტრავმას სრულად მოვირჩენ.

- "კანტუსთან" კონტრაქტი როდის გეწურება?
- კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაქვს და ჯერჯერობით არ ვიცი, გამიხანგრძლივებენ, თუ არა. ტრავმა ცუდ დროს მივიღე, მაგრამ რა ვქნა. ტრავმა სპორტის განუყოფელი ნაწილია.

არადა, საკმაოდ კარგი სეზონი მაქვს. იტალიის ჩემპიონატის ოლ სტარში ამირჩიეს და ევროლიგის მატჩებშიც თავი არ შემირცხვენია. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით უქმად ვარ, ყველანაირი დატვირთვა აკრძალული მაქვს და ვნახოთ, რამდენად მალე დავუბრუნდები მოედანს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული