გიორგი შერმადინის გადაბირება ისრაელის "მაქაბის" სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "კანტუს" 23 წლის ცენტრი გიორგი შერმადინი შესაძლოა, მომავალ სეზონში "მაქაბიში" ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ მან კარიერა თბილისის "მაქაბიში" დაიწყო, 2008 წელს ბერძნულ "პანათინაიკოსში" გადავიდა, 2010-11 წლებში სლოვენიის "ოლიმპიაში" ასპარეზობდა, ხოლო მიმდინარე სეზონში "კანტუს" წინა ხაზის ლიდერია.

სწორედ იტალიურ გუნდში შედეგიანი თამაშით მიიპყრო გიორგიმ "მაქაბის" მწვრთნელის, დევიდ ბლატის ყურადღება. დიახ, მისი გადაყვანით სწორედ ისრაელის ჩემპიონის მწვრთნელია დაინტერესებული.

ამის შესახებ ლიტვური გამოცემა "კრეპშინისი" წერს. იქვე განმარტებულია, რომ ტრანსფერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ განხორციელდება. მაქაბელები ეცდებიან, 216 სმ სიმაღლის ქართველი
მეფარე მომავალი სეზონისთვის შეითანხმონ.

ცხადია, გიორგიმ და მისმა აგენტმა კარგად იციან, რომელ კლუბში უკეთესია კარიერის გაგრძელება, მაგრამ დევიდ ბლატის ფილოსოფიიდან და "მაქაბის" სათამაშო სტილიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერის ისრაელში გაგრძელება შერმადინისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.

სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას რუსეთის ნაკრების თავკაცმა დევიდ ბლატმა ჩვენთან საუბარში სხვა კალათბურთელების გვერდით გიორგი შერმადინიც დადებითად დაახასიათა.

მწვრთნელს ნატახტარელ ახალგაზრდაზე წარმოდგენა 2010-11 წლების სეზონში ევროლიგის მატჩებიდან შეექმნა: "ოლიმპიას" მაისურით შერმადინმა "მაქაბის" ჯერ 13 ქულა ჩაუგდო, შემდეგ - 15. გავიდა ერთი წელი და გიორგი მაქაბელებს ევროლიგაზე ორრაუნდიან ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა: ამჯერადაც 13 და 15 ქულა.

დღეისათვის გიორგი ვერ ვარჯიშობს, ფეხის ნეკის ძვალი აქვს გაბზარული და ოპერაცია გაიკეთა. თუ რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზომიერად წარიმართა, შერმადინმა მაისის შუაში დაგეგმილ იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფში უნდა ითამაშოს.

- ექიმებმა მითხრეს, სრული რეაბილიტაციის გარანტია რომ გვქონდეს, ქირურგიული ჩარევაა საჭიროო. წყნარად რომ ვყოფილიყავი და მომავალზე არ მენერვიულა, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. შესაძლებელია, აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპით წავიდეს ან გაიწელოს. დაახლოებით 2 კვირაში ექიმები ხელახალ შემოწმებას ჩამიტარებენ და მაშინ, ალბათ, მეცოდინება მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი თარიღი, - ამბობს შერმადინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული