თორნიკე შენგელია დრაფტზე - "გოლდენ სტეიტი", ფილადელფია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" ფორვარდ თორნიკე შენგელიას დიდი ხანია, NBA-ს სკაუტები აკვირდებიან. იგი გასულ წელს დრაფტზეც დადგა, მაგრამ კანდიდატურა დაწყებამდე მოხსნა.

მას მერე თორნიკემ უმაღლესი რანგის ტურნირებში არაერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა. ვგულისხმობთ ევროპის ჩემპიონატსა და ევროლიგას. ევრობასკეტზე საშუალოდ 20.5 წუთში 8.8 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ევროლიგაზე 20.4 წუთში 8.3 ქულასა და 4.3 მოხსნას. იმასაც გეტყვით, რომ ივლისში შენგელიამ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა (29.9 ქულა, 12 მოხსნა).

ლოგიკურია, რომ ასეთი თამაშის შემდეგ 20 წლის ქართველი ახალგაზრდასადმი
NBA-ს დამკვირვებლების ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რაც საგაზეთო სტატიებშიც აისახა.

ამერიკელები 2012 წლის დრაფტზე უკვე სერიოზულად მსჯელობენ, აანალიზებენ რომელ გუნდს რა პოზიციაზე სჭირდება კალათბურთელი და რომელი ახალგაზრდაა დრაფტზე არჩევის შესაფერისი კანდიდატი.

გაზეთების, "სან ფრანცისკო ქრონიკლისა" და "ბლიჩერეპორტის" გვერდებზე ქართული გვარი უკვე მოხვდა. "ქრონიკლში" ლაპარაკია "გოლდენ სტეიტ უორიორსის" სადრაფტო არჩევანზე.

ჩამოთვლილია რამდენიმე პოზიციის კალათბურთელი, მათ შორის სამი ფორვარდია: სერგეი კარასიოვი (რუსეთი), ევან ფურნიე (საფრანგეთი) და თორნიკე შენგელია (საქართველო).

ჩვენიანზე ვრცლად წერია "ბლიჩერეპორტში":

"აღმოსავლეთის კონფერენციის წარმომადგენელ "ფილადელფიას" დრაფტზე სამი კალათბურთელის არჩევა შეუძლია: მე-18, 48-ე და 49-ე ნომრებად...

49-ე ნომრად ფილადელფიელებს ფართო არჩევანი აქვთ, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ გათვლა მომავალზე გააკეთონ: აიყვანონ მოთამაშე და ზრდისთვის ევროპაში გაგზავნონ.

ყველაზე კარგი ვარიანტი 207 სმ სიმაღლის ქართველი თავდამსხმელი თორნიკე შენგელიაა. იგი შავ სამუშაოსაც ასრულებს და შემოქმედებითი თვალსაზრისითაც გამოირჩევა, ფიზიკურად ძლიერი და აგრესიულია.

20 წლის ახალგაზრდა თუ ევროლიგაზე ერთ-ორ წელს კიდევ გაატარებს, NBA-ში უფრო მომზადებული შეაბიჯებს."

დოსიე
თორნიკე შენგელია
შარლერუა (ბელგია)
დაიბადა: 05.10.1991
სიმაღლე: 207 სმ
წონა: 100 კგ
ამპლუა: ფორვარდი

კარიერა

2008-10 ვალენსია (ესპანეთი)
2010-11 პეპინსტერი (ბელგია)
2011-12 შარლერუა (ბელგია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული