მანუჩარ მარკოიშვილს ორმაგამდე ორი დააკლდა, ვიქტორ სანიკიძეს - არაფერი

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 26-ე მატჩი ჩაატარა და მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა იყო. აქვე ვიქტორის სრულ სტატისტიკას გაგაცნობთ: 29 წუთი, 7/5 ორქულიანი, 4/1 სამიანი, 4/2 საჯარიმო, 1 პასი.

ქართველი ფორვარდის დამაჯერებელი თამაში "ვირტუსის" გამარჯვების საწინდარი გახდა. ბოლონიელებმა შინ "კასერტა" 84:66 დაამარცხეს. ვიქტორზე მეტი მხოლოდ მისმა ფინელმა თანაგუნდელმა პეტრი კოპონენმა ჩააგდო - 21.

ასევე 66 ქულას დააჯერა მეტოქე მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ", რომელმაც შინ "ვარეზეს" აჯობა (76:66). სტუმრებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა მეოთხე პერიოდის დასაწყისში 9-ამდე
დაიყვანეს, თუმცა სწორედ ამ დროს გაისროლა სამქულიანი მანუმ და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

სხვათა შორის, 11-იდან 7 ქულა ქართველმა უკანახაზელმა მეოთხე რაუნდში ჩააგდო. ორმაგ დუბლამდე კი ორი მოხსნა დააკლდა. მარკოიშვილის გასწვრივ ოქმში ეწერა: 35 წუთი, 11 ქულა (8/3 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 3/2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 პასი. სხვათა შორის, 8 მოხსნა იტალიაში გადასვლის შემდეგ მანუჩარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ნიკა მეტრეველის "სასარიმ" "პესაროსთან" სტუმრად 81:89 წააგო. ქართველ ფორვარდს არ უთამაშია.

"კანტუ" 19 მოგებით მეორე ადგილზეა, "დინამო" 17 გამარჯვებით - მეექვსეზე, ხოლო "ვირტუსი" 16 მოგებით - მეშვიდეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული