ფარღალავა პალანგაშია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ლაშა ფარღალავა ლიტვის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "პალანგაში" ვარჯიშობს. ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდი გასულ სეზონში მეორე ლიგის ჩემპიონი გახდა და ელიტის საგზური მოიპოვა. იგი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება, შეკრებას ასევე საკურორტო ქალაქ კლაიპედაში გადის და რამდენიმე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა.

ამ შეხვედრებში მისითამაშით გუნდის მწვრთნელი გედიმინას პეტრაუსკასი კმაყოფილია: "დავიმატეთ ქართველი კალათბურთელი ლაშა ფარღალავა, რომელიც ამერიკაში ჰავაის უნივერსიტეტში თამაშობდა. იგი სასარგებლოა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ლაშას მთავარი ღირსება კი შრომისმოყვარეობაა."

მწვრთნელმა მხოლოდ ჰავაის უნივერსიტეტი ახსენა. არადა, ფარღალავა შარშან
"მონტანა სტეიტ ბილინგსის" ღირსებას იცავდა. ჰავაიზე 2008-09 წლების სეზონში თამაშობდა. უფრო ადრე იგი კოლეჯების იუნიორთა ლიგის წარმომადგენელ "პენსაკოლაში" ირჯებოდა, ამერიკული კარიერა კი ფლორიდის "ეარ აკადემიში" დაიწყო.

ლაშა ფარღალავას ლიტვაში ვესაუბრეთ. თავდაპირველად საკონტრაქტო ამბებზე ვკითხეთ.

- დღეს-ხვალ ჩემს აგენტს შევხვდები და კონტრაქტსაც ამის შემდეგ გავაფორმებ. აქ თავს კარგად ვგრძნობ და ამ სეზონსაც "პალანგაში" დავიწყებ. თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელები ჩემს თამაშს პოზიტიურად აფასებენ.

- შეკრებას სად გადიხართ?

- კლაიპედაში. აქ არაერთი გრანდი იყო ჩამოსული და ამხანაგური მატჩებიც ჩავატარეთ. დავუპირისპირდით ევროლიგის სამ კლუბს - რუსულ "ხიმკის", "უნიქსს", პოლონურ "პროკომს"...

- როგორ ითამაშე?
- ამხანაგური მატჩების ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს. ახალი ჩამოსული ვარ და კომბინაციებისას ცოტა მოვიკოჭლებდი, თუმცა საერთო ჯამში ურიგოდ არ მითამაშია.

- "პალანგა" ახალ სეზონში რა მიზნებს ისახავს?
- უმაღლეს ლიგაში წლეულს გადავიდა. ამასთან, ლიტვაში ორი უპირობო ფავორიტია და მათ ოქროს მედლებს ვერავინ ეცილება. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია ევროპულ კალათბურთში გამოჩენა. აქამდე ამერიკაში ვიყავი და აქ თითქმის არავინ მიცნობს. "პალანგა" ლიტვის ჩემპიონატის გარდა ბალტიის ლიგაზეც იასპარეზებს.

- გუნდში კიდევ რამდენი ლეგიონერია?
- "პალანგაში" ორი ამერიკელი და ერთი რუსია. ჩვენთან ერთად ვარჯიშობს გამოცდილი შტრომბერგასი.

- ამხანაგურ მატჩებში რომელ პოზიციაზე გათამაშებენ?
- გამთამაშებლად. ამერიკაში ძირითადად მსროლელის ფუნქციებს ვასრულებდი. იმედი მაქვს, პლეიმეიქერობასაც კარგად გავართმევ თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული