ზაზა ფაჩულიამ 13 აპრილს, "ორლანდოსთან" მატჩში, ფეხი ამოიბრუნა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. ტრავმა მძიმე არ არის და სავარაუდოდ, ფაჩულია უკვე სრულ საბრძოლო ფორმაშია, მაგრამ ატლანტელთა ხელმძღვანელობამ აღარ აიტკივა აუტკივარი თავი, მოახლოებული პლეი ოფის წინ გუნდის ყველაზე მებრძოლი მოთამაშე დაასვენა: ზაზა "ბოსტონთან" მეოთხედფინალურ ჯახს განტვირთული, ახალი ენერგიით ხვდება.
რეგულარულის ბოლო მატჩში ატლანტელებმა მოქმედი ჩემპიონი "დალასი" 106:89 დაამარცხეს, მაგრამ ამ შეხვედრაზე მეტად უკვე "ბოსტონთან" ბრძოლაზე ფიქრობენ. წინ მართლაც მაგარი ჯახია.
ფაჩულიამ რეგულარულ სეზონში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და, საშუალოდ, 28,18 წუთს თამაშობდა. მისი მონაგარი მატჩში, საშუალოდ, 7,8 ქულა, 7,9 მოხსნა, 1,4 პასი, 1 ჩაჭრა, 0,5 დაფარება და 1,4 დაკარგვაა. ზაზა ორქულიანებს 46,6-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა, საჯარიმოებს კი - 74,1-ით.
ფაჩულიამ ამ სეზონში 11 ორმაგი დუბლი შეასრულა და დაამყარა რამდენიმე პირადი რეკორდი: 20 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა.
ზაზამ ითამაშა თავისი კარიერის ყველაზე ხანგრძლივი მატჩი. "იუტასთან" 4-ოვერტაიმიან შეხვედრაში მოედანზე 54 წუთისა და 10 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
"ატლანტა"-"ბოსტონის" წყვილში მოედნის უპირატესობა "სელტიქსს" აქვს. მეოთხედფინალური სერია, რომელიც 4 მოგებამდე გაგრძელდება, ჩვენი დროით 30 აპრილს, გამთენიისას დაიწყება. პირველ 2 მატჩს "ატლანტა" მასპინძლობს.
აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი
1. ჩიკაგო
2. მაიამი
3. ინდიანა
4. ბოსტონი
5. ატლანტა
6. ორლანდო
7. ნიუ იორკი
8. ფილადელფია
პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ბოსტონი - ატლანტა
ჩიკაგო - ფილადელფია
მაიამი - ნიუ იორკი
ორლანდო - ინდიანა
gbf.ge