ზაზა ფაჩულია: მეჯავრება ასეთი სიტუაცია!

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსმა" პლეი ოფი ზაზა ფაჩულიასა და ელ ჰორფორდის გარეშე დაიწყო. პირველი მატჩი შინ ჩაატარა და "ბოსტონი" 83:74 დაამარცხა.

ატლანტელებთან ერთად, ქართველი ცენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოსტონელებსაც ძალიან აინტერესებთ. 30 აპრილს მათ ჰორფორდსა და ფაჩულიას არაერთი მცირე სტატია მიუძღვნეს. აი, რა წერია "ბოსტონ ჰერალდში":

"ზაზა ფაჩულია, რომელიც 2008 წელს ცნობადი სახე კევინ გარნეტთან ჩხუბის შემდეგ გახდა, "ბოსტონის" წინააღმდეგ "ატლანტას" ვერ ეხმარება - მარცხენა ფეხი აწუხებს. კვირის მატჩში ასევე არ უთამაშია კიდევ ერთ მეფარე ელ ჰორფორდს.

- ჰორფორდისა და ფაჩულიას გარეშე არაერთი
შეხვედრა ჩავატარეთ. მსურს თუ არა მათი დახმარება? - რა თქმა უნდა! მაგრამ, სამწუხაროდ, მათ გარეშე უნდა მივაღწიოთ წარმატებას,
- აცხადებს "ატლანტა ჰოქსის" მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ.

ზემოთ ნახსენები ორი კალათბურთელიდან უფრო ადრე ზაზას დაბრუნებას ელიან. მას 13 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია.

- კითხვაზე: როდის გავალ მოედანზე, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მოლოდინი მალე დასრულდება და გუნდს უახლოეს მატჩებში დავეხმარები. თუმცა დროს ვერ გავასწრებ. თუ ტრავმა არ მოშუშდა, მოედანზე ვერ გავალ, - ამბობს ფაჩულია, რომელიც ვარჯიშისას სატრენაჟორო ველოსიპედზე მუშაობდა.

იგი პლეი ოფის შესახებაც ლაპარაკობს:

- NBA-ში მეცხრე სეზონს ვატარებ. ბოლო წლებში პლეი ოფში რეგულარულად ვთამაშობ და ამ მოვლენას ყოველთვის დიდი იმედებით ველი.

ნამდვილი კალათბურთი ხომ პლეი ოფში იწყება, სხვა ატმოსფეროა... მეჯავრება ასეთი სიტუაცია - ჩემი გუნდი პლეი ოფს თამაშობს, მე ვერ ვეხმარები; მით უმეტეს, როცა პირველ ეტაპზე მეტოქედ "ბოსტონ სელტიქსი" გვყავს".

"ატლანტა" "კელტებთან" მომდევნო მატჩსაც შინ ჩაატარებს (1 მაისს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული