უცხოური პრესა: მანუჩარ მარკოიშვილი - უბრალოდ, ოქროს გულით

AutoSharing Option
"უბრალოდ, ოქროს გულით", - ასეთი სათაური აქვს იტალიურ "დეილიბასკეტში" გამოქვეყნებულ სტატიას მანუჩარ მარკოიშვილზე.

პუბლიკაციის ავტორი კარლო პეროტია, რომელიც თხრობას ვარჯიშისწინა ამბებით იწყებს და დორონ პერკინსის ნატურალიზაციის თემით აგრძელებს.

"კანტუელები იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალებისთვის ემზადებიან. მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერის კარგ ხასიათზე ყოფნის საფუძველი აქვს: ნახევარი საათი სირბილში გაატარეს გიორგი შერმადინმა და ვლადიმირ მიკოვმა, ხოლო მარკო სჩეკიჩმა ფიზმომზადების მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშა.

აპრილის მატჩები სამივემ ტრავმის გამო გამოტოვა. ვარჯიშის შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილი გულშემატკივართან შეყოვნდა, რომელსაც მცირე საჩუქარიც უძღვნა, რითაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველს ოქროს
გული აქვს.

- თუკი რამეს მივაღწიე, უმთავრესად, მამაჩემის დამსახურებაა. ჩემი სათქმელი არ არის, მაგრამ მას ქართული კალათბურთისთვის ბევრი გაუკეთებია.


მაშინ, როცა 15 წლის მოზარდები კალათბურთის კომპიუტერში თამაშს ანიჭებენ უპირატესობას, ახალგაზრდა მანუჩარი იტალიაში ჩამოვიდა და კარიერა "ბენეტონში" განაგრძო.

- 2002 წელს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იტალიაში ჩამოსვლით ბევრი ვისწავლე. ბენეტონელები ქვეყნის ჩემპიონები იყვნენ, შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ.

ევროპაში მოგზაურობის შემდეგ მარკოიშვილი იტალიაში 2009 წელს დაბრუნდა და "კანტუში" ჩაირიცხა:

- "კანტუს" ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს - სწორედ აქ მომეცა კალათბურთის უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება. ძალიან სასიამოვნოა ასეთი გულშემატკივრების წინაშე მოედანზე გასვლა, როგორიც "კანტუს" ჰყავს.

ქომაგთა უმეტესობას სურს, რომ ნიკოლას მაძარინოს წასვლის შემდეგ "კანტუს" კაპიტნობა მანუჩარ მარკოიშვილმა გასწიოს.

- კაპიტანი? მე? სასიამოვნოა, ხალხი ასე თუ ფიქრობს, მაგრამ მე ხომ გუნდის რიგითი წევრი ვარ.

საიტ "სპორტანდოს" ცნობით, გიორგი შერმადინმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ისრაელის "მაქაბისთან".

- მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგი სადღეისოდ მოედანზე დაბრუნებაზე ფიქრობს. პლეი ოფში მისი დახმარება ძალიან გვჭირდება.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მომავალი ევროშესარჩევისთვის საქართველოს ნაკრებში თამაშს დორონ პერკინსს სთავაზობენ. იგი ამჟამად "კანტუს" ღირსებას იცავს. საინტერესოა მანუჩარის მოსაზრება ამ თემაზე.

- მე და გიორგის საქართველოდან ჟურნალისტები გვირეკავენ და პერკინსის შესახებ გვეკითხებიან. არადა, ეს საკითხი კალათბურთის ფედერაციის პრეროგატივაა. ჩვენ კი არა, ფედერაციის ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხონ.

დორონს მართლაც სურს ევროპული პასპორტი, მაგრამ რომელი ქვეყნისა, არ ვიცი... ზოგადად, ნატურალიზებულთა თემაზე ჩემი მოსაზრება ასეთია: როცა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობ, გულიც ქვეყნისთვის უნდა გიძგერდეს, გიყვარდეს დროშა, ლაპარაკობდე იმ ენაზე, რაზეც დანარჩენი კალათბურთელები.

ამიტომ მიმაჩნია, რომ უცხოელები მხოლოდ კლუბში უნდა იყვნენ. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობ, უმჯობესია, ნატურალიზებულის ნაცვლად ადგილობრივი ახალგაზრდა თამაშობდეს, რომელმაც შეიძლება ბურთი ააცილოს, ან პასი არ გამოუვიდეს, მაგრამ მზად იყოს, ქვეყნისთვის თავი არ დაზოგოს.

მარკოიშვილი ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ბოლო ორი თვეა, განსაკუთრებით შედეგიანია.

- როცა გუნდი სრული შემადგენლობით თამაშობს, მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს: მოედანზე გაიყვანოს მაძარინო, მიკოვი, ბაზილე... ამჟამად კი ბევრი ტრავმირებული გვყავს და მეც სათამაშო დრო უხვად მაქვს. ვცდილობ, დროის შესაბამისად ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო.

გუნდის წარმატებას კი ჩვენი დამრიგებელი განაპირობებს. მწვრთნელ ანდრეა ტრიჩიერისთან თბილი ურთიერთობა მაქვს - ძალიან ბრაზდება, შეცდომას რომ ვუშვებ. მწვრთნელი რომ ვიყო, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი.

პარასკევს პლეი ოფის პირველი თამაშია, "კანტუ" "პესაროს" უმასპინძლებს...

- პლეი ოფი ხუმრობა როდია, წარმატებისთვის თამაშში ყველაფერი უნდა ჩავდოთ. რაც მთავარია, საკუთარ მოედანზე ერთიც არ უნდა წავაგოთ.

"პესარო" კარგი გუნდია, მაღალი დონის ინდივიდუალისტები ჰყავს, რომელთაგან ჯეიმს უაითსა და ჯემეინ ჯონსს გამოვარჩევდი
.

მანუჩარმა სხვა მეოთხედფინალურ წყვილებზეც გაგვანდო საკუთარი მოსაზრება:

- "მონტეპასკი" გამოცდილი გუნდია და, ალბათ, "ვარეზესთან" პრობლემები არ შეექმნება. "ვენეციამ" რეგულარული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა მასთან "მილანი" მაინც ფავორიტია.

"დინამო"-"ვირტუსის" წყვილში საინტერესო ორთაბრძოლა გველის. ეს იქნება ჩემი მეგობრების დაპირისპირება: "ვირტუსში" ვიქტორ სანიკიძე თამაშობს, ხოლო "დინამოში" - ნიკა მეტრეველი, რომლის თანაგუნდელია ქუინტონ ჰოსლი. მასაც საქართველოს პასპორტი აქვს, თუმცა ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია"
.

"უბრალოდ, ოქროს გულით" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული