მასზე ამერიკელი ჟურნალისტები უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ. "ბლიჩერრეპორტის" ვარაუდით, 20 წლის ქართველ ახალგაზრდას 50-ე ნომრად "დენვერ ნაგეტსი" აირჩევს: "დენვერელებს დრაფტზე სამი კალათბურთელის არჩევის უფლება აქვთ.
თავიდან უკანახაზელებს, ვეიტერსსა და მერფის თუ აიყვანენ, მესამე კალათბურთელად შესაძლოა მსუბუქი ფორვარდი თორნიკე შენგელია შეიმატონ და სასტარტო ხუთეულის წევრად აქციონ. თუმცა ამისთვის დროა საჭირო. თუ საშუალო დისტანციიდან ტყორცნაზე ბევრს იმუშავებს და ერთ-ორ წელიწადს ევროპაში გაატარებს, 20
დამაიმედებელი მსუბუქი ფორვარდის დამატება "ნაგეტსს" ნამდვილად სჭირდება, რადგან მომავალი სეზონის ბოლოს კორი ბრიუერი და ჯორდან ჰემილტონი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებენ..."
კიდევ უფრო საინტერესო რამ წერია NBA-ს ოფიციალურ ვებსაიტზე, სადაც ცნობილმა სპეციალისტებმა თორნიკე შენგელიას საკალათბურთო ანატომია ჩამოწერეს.
ძლიერი მხარე
1. ძალიან კარგი, NBA-ს სტანდარტების შესაფერისი ათლეტიზმი.
2. აქტიურობა, სისწრაფე, მოედანზე კარგად გადაადგილება.
3. შეტევისას საკმარისი აგრესიულობა.
4. მისი სიმაღლის კალათბურთელებისთვის არადამახასიათებლად ბურთის კარგად ფლობა.
5. შესაძლებლობა თანაბრად დამაჯერებლად ითამაშოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციებზე.
6. ძლიერი მომხსნელის თვისებები.
სისუსტე
1. სროლის სტაბილურობით ჯერ ვერ გამოირჩევა.
2. საჯარიმო ტყორცნების რეალიზების პროცენტი გასაუმჯობესებელი აქვს.
3. მოსამატებელი აქვს დაცვაში თამაში.
მოსალოდნელია
შენგელიას დრაფტზე, სავარაუდოდ, მეორე წრის შუაში ის გუნდი აირჩევს, რომელსაც პროგრესირებადი კალათბურთელი სჭირდება და ქართველს ერთი სეზონით ევროპაში გააგზავნის. მას NBA-ში დამკვიდრება სამი კომპონენტის გათვალისწინებით შეუძლია: ათლეტურობით, კარგი მომხსნელისთვის საჭირო მონაცემებითა და პოზიციის სწორად შერჩევის ნიჭით.
2011-12
შენგელია B დივიზიონის მატჩებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების საუკეთესო კალათბურთელი იყო.
იგი შეჯიბრების ბომბარდირი გახდა, საშუალოდ 29.9 ქულასა და 12 მოხსნას აგროვებდა. თორნიკე კარგად ირჯება ბელგიის ჩემპიონატშიცა და ევროლიგაზეც. სწრაფად პროგრესირებს.
სტატისტიკა
ბელგიის ჩემპიონატი: 8.9 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.1 პასი, 1.1 ჩაჭრა, 18.4 წუთი, 47.0 თამაშიდან რეალიზების პროცენტი, 30.3 სამქულიანების რეალიზების პროცენტი, 61.6 საჯარიმოების რეალიზების პროცენტი.
ევროლიგა: 7.6 ქულა, 3.8 მოხსნა, 0.8 პასი, 0.3 ჩაჭრა, 18.0 წუთი, 46.8 თამაშიდან რეალიზების პროცენტი, 31.3 სამქულიანების რეალიზების პროცენტი, 66.7 საჯარიმოების რეალიზების პროცენტი.
ვის გვაგონებს?
ანდრეს ნოჩიონის, მოქნილ ფორვარდს კარგი მომხსნელისთვის დამახასიათებელი თვისებებით.
აი, რას ამბობენ მასზე
ლორენცო ნერი (დრაფტოლოგი): "უდავოდ NBA-ს ღირსია. შეუძლია იქცეს ამა თუ იმ გუნდის საკვანძო კალათბურთელად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: სიმაღლის, ენერგიულობის და მსუბუქი ფორვარდისთვის დამახასიათებელი ფიზიკური მონაცემების.
მნიშვნელოვანია, რომ იგი უშიშარი კალათბურთელია და NBA-ს სათამაშო სტილი მისთვის უცხო არაა."
ჩად ფორდი (ESPN): "მაღალი, აქტიური თავდამსხმელია. ბევრი ევროპელისგან განსხვავებით, საკმაოდ ათლეტურია. ძალიან კარგი მომხსნელია, მაგრამ ასეთივე კარგი შემტევი მოთამაშე არ არის (ამ მომენტისთვის).
გასულ სეზონში ევროლიგაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, საშუალოდ 7.6 ქულას აგროვებდა. ვფიქრობ, შენგელიას დრაფტის მეორე რაუნდში აირჩევენ".
კრის დენკერი (ნეტსკაუტი): " NBA-ს კარი ყოველთვის ღიაა შენგელიასებრი მოძრავი, მოქნილი და მომხსნელი კალათბურთელებისთვის. თუ იგი შეტევაში თამაშს გააუმჯობესებს, შეუძლია ამერიკაში სოლიდური კარიერა აიწყოს".
დოსიე
თორნიკე შენგელია
შარლერუა (ბელგია)
დაიბადა: 02.10.1991
სიმაღლე: 207 სმ.
ამპლუა: ფორვარდი
კარიერა
2008-10 ვალენსია (ესპანეთი)
2010-11 პეპინსტერი (ბელგია)
2011-12 შარლერუა (ბელგია)
ქართველი NBA-ს ზღურბლთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"