ახლახან იტალიურ გაზეთ "დეილიბასკეტში" "კანტუს" თითოეული კალათბურთელის შეფასება გამოქვეყნდა.
როგორც წესი, სტატიას გამორჩეული მოთამაშის ფოტო ახლავს. ჟურნალისტ კარლო პეროტის პუბლიკაცია დასაწყისში მანუჩარ მარკოიშვილის სურათით იწყება.
სტატიის სრულად თარგმნა საჭირო არ არის, მხოლოდ მანუჩარისა და გიორგი შერმადინის გარჯაზე შევჩერდებით ვრცლად. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით.
#4. დევიდ ლაითი. 6.4 ქულა იტალიაში
დევიდი სეზონის პირველ ნახევარში "კანტუმ" "კრემონაში" გაუშვა.
შეფასება: 5.5.
#5. ვლადიმირ მიკოვი. 4.9 ქულა, 2.4
მიკოვი თებერვლის საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა სეზონის ბოლოს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა.
შეფასება: 6.5
#7. მარკო სჩეკიჩი. 5.9 ქულა, 5 მოხსნა იტალიაში.
მუხლის სერიოზული ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.
შეუფასებლად
#8 ბენ ორტნერი. 3.8 ქულა, 2.5 მოხსნა იტალიაში.
სეზონის დასაწყისშივე "ბენეტონში" გადავიდა.
შეფასება: 5
#9. მანუჩარ მარკოიშვილი. 10.7 ქულა ევროლიგაზე, 9.1 ქულა იტალიაში.
ჩვენი ვერსიით, მანუჩარი სეზონის საუკეთესო კანტუელი იყო. იგი მესამე სეზონია, მაღალი დონის კალათბურთს უჩვენებს.
განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა მისი ნაყოფიერება, რაც გუნდს ერთდროულად მიკოვი და ბაზილე გამოაკლდნენ (ტრავმების გამო).
მანუჩარმა საკუთარი შესაძლებლობები ევროლიგაზეც სათანადოდ გამოავლინა. რაც მთავარია, შესანიშნავი პიროვნებაა.
შეფასება: 8
#10. მაარტენ ლეუნენი. 9.6 ქულა, 4.8 მოხსნა იტალიაში, 8.1 ქულა, 4.7 მოხსნა ევროლიგაზე.
სტაბილური იყო, განსაკუთრებით კარგად სეზონის დასკვნით მონაკვეთში ითამაშა.
შეფასება: 6.5
#11. დენის მარკონატო. 4.1 ქულა, 3.1 მოხსნა იტალიაში, 6.2 ქულა, 3.7 მოხსნა ევროლიგაზე.
მან გვიჩვენა, რა ღირებულება აქვს ევროლიგაზე გამოცდილ ცენტრს.
შეფასება: 6 (7 ევროლიგაზე)
#12. ნიკოლა მაზარინო. 10.1 ქულა იტალიაში, 6.2 ქულა ევროლიგაზე.
37 წლის კალათბურთელს კარგი სეზონი ჰქონდა.
შეფასება: 7.5
#13. დორონ პერკინსი. 11.1 ქულა, 6.1 მოხსნა იტალიაში, 10 ქულა, 7.5 მოხსნა ევროლიგაზე.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პერკინსმა "კანტუ" გამოიყენა საჩვენებლად - ტრავმა მოვიშუშე და თამაში ძველებურად შემიძლიაო.
შეფასება: 6
#18. კარლოს ჯიანელა. 5.4 ქულა იტალიაში, 4.4 ქულა ევროლიგაზე.
შეფასება: 5.5
#19. გიორგი შერმადინი. 8 ქულა, 4.7 მოხსნა იტალიაში, 10.9 ქულა, 5.5 მოხსნა ევროლიგაზე.
შერმადინი სეზონის სიურპრიზი იყო. ასეთი სიმაღლის (216 სმ), კოორდინაციის, ელეგანტურობისა და "რბილი ხელის" მქონე კალათბურთელს "კანტუში" აქამდე არ უთამაშია (თარლ ბეილიც ასეთივე კარგი იყო, მაგრამ ამპლუით იგი მძიმე ფორვარდი გახლდათ, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე უწევდა თამაში).
იტალიის ჩემპიონატში გიორგი ხშირად იღებდა პერსონალურ შენიშვნებს. ამის მიზეზი მისი ფიზიკური ძალა და თამაშის კონტაქტური სტილი გახლდათ. ეს ევროლიგაზე დაშვებულია, იტალიაში კი მსაჯებს დასტვენის საფუძველს აძლევდა.
შერმადინმა "კანტუს" მაისურით არაერთი მატჩი ჩაატარა ეფექტურად, მაგალითად, ევროლიგაზე მომავალ ჩემპიონ "ოლიმპიაკოსთან"... სეზონის ბოლოს ქართველმა ცენტრმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა. იტალიის ჩემპიონატის მსვლელობისას მისი წარმომადგენლები კონტრაქტზე ისრაელის "მაქაბის" შეუთანხმდნენ, რაც კანტუელთათვის მოსაწონი ნამდვილად არ იყო.
შეფასება: 8 (მაგრამ ჯარიმა ისრაელში გადასვლის გამო).
#20. ანდრეა ჩინჩარინი. 4.7 ქულა იტალიაში, 5.2 ქულა ევროლიგაზე.
ამ ზაფხულს მეტი უნდა იმუშაოს სროლის სიზუსტეზე.
შეფასება: 6.
#25. გრეგ ბრუნერი. 4.2 ქულა ევროლიგაზე, 9.2 ქულა, 6 მოხსნა იტალიაში.
გამოავლინა დიდი მონდომება, გამოირჩა გულიანი თამაშით.
შეფასება: 6.5
#55. ჯანლუკა ბაზილე. 7.6 ქულა იტალიაში, 10 ქულა ევროლიგაზე.
გამოცდილი, მაღალი დონის კალათბურთელია. არაერთი გადამწყვეტი ტყორცნა შეასრულა. კარგად გამოსდიოდა შერმადინთან "პიკ ენდ როლი".
შეფასება: 6.5
მწვრთნელი: ანდრეა ტრინჩიერი.
"კანტუს" თავკაცის მუშაობაში დადებითიც ბევრი დავინახეთ და უარყოფითიც. მის აქტივში უნდა ჩაითვალოს სეზონის დასაწყისში პარახუსკის ნაცვლად ცენტრის პოზიციაზე შერმადინის დამატება.
მწვრთნელმა ქართველი მოთამაშე დომინანტ მეფარედ აქცია და იტალიის ჩემპიონატის ბოლოს შერმადინის ტრავმის გამო რეგულარულში მეორე ადგილი "მილანს" დაუთმო. ტრინჩიერის დამსახურებაა "მაქაბის", "ბილბაოს", "ოლიმპიაკოსისა" და "კახა ლაბორალის" დამარცხება...
მწვრთნელის შეფასებისას უარყოფით მხარედ უნდა მივიჩნიოთ შემადგენლობასთან დაკავშირებული ხშირი ცვლილებები, ზოგიერთი მოთამაშე ნაკლებს იმსახურებდა და მეტს თამაშობდა, ზოგი - პირიქით. "კანტუ" ძლიერ მეტოქეებსაც ამარცხებდა, მაგრამ შედარებით სუსტებთან წაუგია...
შეფასება: 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"