თორნიკე შენგელიამ ფინალის ბედი შემოატრიალა

AutoSharing Option
5 ივნისს, ღამით, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" "ოოსტენდეს" უმასპინძლა და კინაღამ ჩემპიონობა დაუთმო.

კარგად ჩატარებული პირველი წუთების შემდეგ ქართველის გუნდმა 11-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მეოთხე პერიოდის წინ "ოოსტენდე" 53:48 დაწინაურდა.

ამ შეხვედრამდე სერიას სწორედ ოოსტენდელები იგებდნენ (2:1) და შარლერუაში წარმატების შემთხვევაში ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასსაც აღმართავდნენ (ბელგიაში ფინალი სამ მოგებამდეა). ეს კარგად ესმოდათ მასპინძლებსაც, რომელთა მწვრთნელმა თორნიკე მეოთხე პერიოდისთვის შემოინახა.

ახალგაზრდა ქართველმაც იმედები არ გაუცრუა - გადამწყვეტ მომენტში მოედანზე საუკეთესო იყო. თავად განსაჯეთ: თუ საწყის 30
წუთში 4-4 ქულა-მოხსნა ჰქონდა, მეოთხე პერიოდში 6 ქულას 5 მოხსნა მიამატა და თამაშის შემოტრიალებაშიც ლომის წვლილი შეიტანა.

ბოლო წუთზე, ანგარიშზე 66:62, მან ორქულიანით ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე (68:62) გაზარდა, რაც ფაქტობრივად, გამარჯვების ტოლფასი იყო. საბოლოოდ 70:65 "შარლერუას" სასარგებლოდ.

შენგელიას სრულ მონაგარზე არაფერი გვითქვამს. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 16 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი. მასპინძელთაგან თორნიკეზე მეტი მხოლოდ დემონდ მალეტმა ჩააგდო - 14 ქულა.

სერიის გადამწყვეტი მატჩი 7 ივნისს ოოსტენდეში გაიმართება. შეხვედრის გამარჯვებული ჩემპიონად გამოცხადდება.

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი თორნიკე შენგელიას წინასადრაფტოდ გაწვრთნის

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული