ვიქტორ სანიკიძის მსურველებს ესპანური და რუსული გუნდებიც შეუერთდნენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალის დასრულების შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ სიენის "მონტეპასკიდან" საინტერესო წინადადება მიიღო.

თუმცა, როგორც აპენინური პრესა იტყობინება, 27 წლის ქართველმა კონტრაქტის დაუფიქრებლად გაფორმებისგან თავი შეიკავა და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

როგორც შევიტყვეთ, დიდი შანსია, "მონტეპასკის" ვარიანტი სხვა, უფრო უკეთესით შეიცვალოს, თუმცა ჯერჯერობით ერთი ფავორიტი კლუბი არ გამოკვეთილა.

სხვებთან ერთად, რუსებიც აქტიურობენ და ესპანელებიც. იტალიურ გამოცემა "სპორტანდოში" ორი გუნდიც სახელდება: "ვალენსია" და სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკი", რომელთა ხელმძღვანელობას ძალიან სურს სანიკიძის საკუთარ გუნდში ხილვა.

ვალენსიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" 1:3 წააგეს და იმის გათვალისწინებით,
რომ ევროლიგაზე ყოველწლიურად ხუთი პირენეული გუნდია, გაისად სწორედ ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. იმასაც შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ "ვალენსიაში" თორნიკე შენგელია თამაშობდა.

რაც შეეხება პეტერბურგის "სპარტაკს", ამ გუნდმა ახლად დასრულებულ რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში, სავარაუდოდ, ევროჩელენჯზე მოუწევს გამოსვლა.

ეს შეჯიბრება სანიკიძისთვის ევროლიგასთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს. მას ხომ კონკრეტული ამოცანა აქვს: მიიქციოს ამერიკული "სან ანტონიო სპურსის" ყურადღება, რომლის სკაუტები ქართველს 2004 წლიდან ადევნებენ თვალს (ამა წლის დრაფტის შემდეგ ვიქტორი სწორედ ტეხასელებს დარჩათ).

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "სპურსის" შემადგენლობაში განსახორციელებელ სერიოზულ ცვლილებებზე ოკეანისგაღმელი ჟურნალისტები დიდი ხანია ლაპარაკობენ, გამორიცხული არ არის, მომავალი სეზონის გეგმების შედგენისას მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ვიქტორ სანიკიძეზეც დაფიქრდეს.

ახლა ვალენსია და სპარტაკი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული