თავად განსაჯეთ: 20 წლის ახალგაზრდა ქართველი ამჟამად ბელგიის ჩემპიონატის ფინალურ სერიას თამაშობს. შემდეგ წინასადრაფტო კემპში მონაწილეობისთვის იტალიაში ჩავა. 28 ივნისს NBA-ს დრაფტია, რომელშიც შენგელიაც მიიღებს მონაწილეობას.
28-ამდე კი ამერიკელი მიმომხილველები არაერთ კლუბთან მიმართებაში ახსენებენ ქართულ გვარს.
5 ივნისს ტრევიზოში გასამართი "ადიდას-კემპის" ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა მონაწილეთა 45-კაციანი სია, რომელშიც თორნიკეს გვარიც ფიგურირებს.
მასთან ერთად არაერთი
ჩამოგითვალეთ მხოლოდ ის კალათბურთელები, რომლებიც დრაფტზე არჩევის რეალური კანდიდატები არიან.
ცხადია, მათ შორისაა თორნიკე შენგელია. მას ტრევიზოში ნიჭიერ ევროპელებს შორის თავის გამოჩენის კარგი შანსი ექნება, მით უმეტეს, რომ კემპზე ოპტიმალური ფორმით ჩავა: ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა 7 ივნისსაა დაგეგმილი (დასჭირდებათ თუ არა თორნიკეს თანაგუნდელებს მეხუთე მატჩი, ამავე გვერდზე წაიკითხავთ), ხოლო ტრევიზოს კემპი 10 ივნისს იწყება.
პირველივე დღეს კალათბურთელები ოთხ გუნდად გაიყოფიან და დილა-საღამოს ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ. ასე გაგრძელდება 12 ივნისამდე. ყოველი დღის ბოლოს კი საუკეთესო კალათბურთელები ვარსკვლავთა ნაკრებში შეიკრიბებიან და ჯერ რუსეთის კრებულს ეთამაშებიან, შემდეგ საფრანგეთისას.
დაკვირვების მიზნით ტრევიზოში, ამერიკელ სკაუტებთან ერთად, NBA-ს გუნდების მწვრთნელებიც ჩავლენ.
ვარჯიშებს კი ქართველთათვის კარგად ნაცნობი სპეციალისტები წარმართავენ. მწვრთნელის რანგში ტრევიზოში მიწვეულია ჩვენი ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის, გორდონ ჰერბერტის ასისტენტი კენი ატკინსონი და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენი ნაკრების თავკაცი იყო - ჯეი ტრაიანო ("ტორონტო რეპტორსი").
ამ უკანასკნელმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან 2006 წელს გააფორმა კონტრაქტი, თუმცა ისე გაწყვიტა, რომ ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია.
რაც შეეხება კენი ატკინსონს, იგი ამჟამად "ნიუ იორკ ნიქსში" მუშაობს, 2011 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე მაიკ ფრატელოს გვერდით უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა. ტრევიზოს კემპზე ასევე მწვრთნელად იმუშავებს ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ანდრეა ტრინჩიერი, მარკოიშვილი-შერმადინის "კანტუს" დამრიგებელი.
კემპის ოფიციალური საიტის პირველივე გვერდზე კიდევ სამ ქართველს შეხვდებით: დიდების დარბაზი "ადიდას-კემპსაც" აქვს, რომელშიც არიან ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე. ნიკა 2002 წელს დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" აირჩია, ზაზა 2003 წელს - "ორლანდო მეჯიქმა", ხოლო ვიქტორი 2004 წელს - "ატლანტა ჰოქსმა" და იქვე "სან ანტონიოს" დაუთმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"