თორნიკე შენგელია: ბელგიის ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" ფორვარდ თორნიკე შენგელიას გადატვირთული ზაფხული ელის.

2 დღეში მას ბელგიის ჩემპიონატის სუპერფინალური მატჩი აქვს სათამაშო; შემდეგ იტალიაში "ადიდასის" კემპზე ჩავა; ხოლო 28 ივნისს NBA-ს დრაფტზე მიიღებს მონაწილეობას.

სავარაუდოდ, შენგელიას მეორე წრეში აირჩევენ, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. შენგელიას ბელგიაში შევეხმიანეთ და ზემოთ ნახსენებ ამბებზე გავესაუბრეთ.

- 8 ივნისს ბელგიის ჩემპიონატში გადამწყვეტი მატჩი გელით. მოახერხებთ სტუმრად გამარჯვებას და ჩემპიონობის მოპოვებას?
- მიმდინარე ფინალურ სერიაში "ოსტენდე" სტუმრად უკვე დავამარცხეთ, თუმცა შემდეგ მოპოვებული
მოედნის უპირატესობა საშინაო მარცხით დავკარგეთ. იმის თქმა მინდა, რომ გასვლაზე ახლო წარსულში დამარცხებული გვყავს "ოსტენდე" და ალბათობა დიდია, რომ ეს კიდევ ერთხელ მოვახერხოთ.

ვიცი, ეს იოლი არ იქნება და რომ მეტოქე თავის მაქსიმუმს გაიღებს, მაგრამ ჩვენ ოსტენდეში მოსაგებად და ოქროს მედლების მოსაპოვებლად მივდივართ.

- პლეი ოფში გქონდა კარგი და ძალიან კარგი მატჩები. ეს შენი მაქსიმუმია თუ ფიქრობ, რომ მეტი შეგიძლია?
- უკეთესად თამაში ყოველთვის შეიძლება. ასე რომ, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მიხარია, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმა აღვიდგინე და "შარლერუას" სასტარტო ხუთეულს დავუბრუნდი. ვცდილობ, გუნდს დავეხმარო და როგორ გამომდის, ეს სხვების შესაფასებელია.

- ბელგიაში ჩემპიონატი 2 დღეში დასრულდება. შემდეგ რა გეგმები გაქვს?
- იტალიაში, ქალაქ ტრევიზოში, NBA-ს მიერ ორგანიზებულ "ადიდასის" კემპზე ვარ მიწვეული. ვგეგმავ, რომ ჩავიდე და იქ NBA-ს სკაუტებს ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები.

- იტალიაში, სხვა ცნობილ სპეციალისტებთან ერთად, მიწვეულია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც. ხომ არ გისაუბრია მასთან?
- არა, მისი ტრევიზოს კემპზე მიწვევის ამბავი პრესიდან გავიგე.

- იტალიის შემდეგ თუ გეგმავ ამერიკაში წასვლას და NBA-ს კლუბებთან ერთად წინასადრაფტო ვარჯიშებში მონაწილეობას?
- კონკრეტულად არ ვიცი, რა როგორ იქნება. ამის თაობაზე ჩემი აგენტი მუშაობს და თუკი მიაღწევს შეთანხმებას, ვარჯიშებშიც მივიღებ მონაწილეობას.

- დრაფტზე შენი არჩევით დაინტერესებულ გუნდებზეც არაფერი გსმენია?
- არა. კონკრეტულად ამა და ამ გუნდს ვუნდივარ და აუცილებლად ამირჩევს-მეთქი, რომ ვთქვა, ამის საფუძველი არ მაქვს. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ამის შესახებ ჩემმა მენეჯერებმა იციან.

- ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც შენი დახმარებით გავიდა...
- სამწუხაროდ, მე უკვე გამოვედი იმ ასაკიდან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ვითამაშო. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი გუნდი ფინალურ ეტაპზეა.

ვულოცავ ბიჭებს საუკეთესოთა შორის თამაშს. ჩვენი ნაკრები საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

- რას იტყვი 20-წლამდელთა პლუსებსა და მინუსებზე?
- მთავარი პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ სხვა გუნდებთან შედარებით ტანმაღალი მოთამაშეები გვაკლია.

სამაგიეროდ, ჩვენი ნაკრები უფრო სწრაფი და მობილურია. კარგად ესვრიან შორიდან და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

- შენი წასვლის შემდეგ ვინ გესახება 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერად?
- ძნელია ამის თქმა. შესანიშნავი მოთამაშეები არიან დუდა სანაძე, ნოდარ თენიეშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი და... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მთლიანობაში ურიგო გუნდი არ გვყავს. კარგი იქნება, თუკი 18-წლამდელებში მოთამაშე ბექა ბურჯანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება. ამ ბიჭს დიდი პოტენციალი გააჩნია.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული