გიორგი შერმადინი - იტალიელების, ებრაელებისა და ბერძნების თვალით

AutoSharing Option
აქამდე გიორგი შერმადინის შესახებ ინფორმაციებს იტალიურ, სლოვენიურ თუ ბერძნულ პრესაში ვეძებდით. ამიერიდან მისი გვარი ყველაზე ხშირად ებრაულ მედიაში დაიბეჭდება.

გიორგიმ ხომ სამი კლუბი მოიარა, ვიდრე თბილისის "მაქაბიდან" ისრაელის "მაქაბიში" მოხვდებოდა.

თელავივურმა გამოცემა "ჰაარეცმა" 23 წლის ქართველ ცენტრს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის ავტორი ელი შვიდლერია.

"გიორგი შერმადინმა "მაქაბისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონში ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. თუმცა იგი "მაქაბიში" ერთხელ უკვე თამაშობდა...

216 სმ სიმაღლის ქართველმა გიგანტმა, რომელიც ნატახტარშია დაბადებული, პროფესიული კარიერა ქართული სუპერლიგის წარმომადგენელ თბილისურ "მაქაბიში" დაიწყო.

მან
თავიდანვე გამოამჟღავნა სნაიპერული თვისებები. ახალგაზრდულ ჩემპიონატში "სოხუმის" წინააღმდეგ 89 ქულა ჩააგდო, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში თსუ-სთან 76 ქულა, 16 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

შერმადინმა "მაქაბიში" სამი სეზონი გაატარა, გახდა ლიგის MVP, 18 წლისა საუალოდ 35.1 ქულას აგროვებდა.

საქართველოში შედეგიანი თამაშით გიორგიმ ბერძნული "პანათინაიკოსის" ლეგენდარული მწვრთნელის, ჟელკო ობრადოვიჩის ყურადღება მიიქცია, ორი წელი "მწვანეებში" ითამაშა, ევროპულ კალათბურთს ეზიარა და სათანადოდ მოემზადა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.

იგი თავის სიმაღლესა და გრძელ ხელებს კარგად იყენებს შეტევების დასაგვირგვინებლად, მეტოქეთა შესაჩერებლად. მომავალ სეზონში ამას "მაქაბის" ყვითელი ფორმით გააკეთებს.

შერმადინი NBA-ს დრაფტზე 2008 წელს დადგა, თუმცა კანდიდატურა ბოლო მემონტში მოხსნა. იმ პერიოდში მას მუხლთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ოპერაციაც დასჭირდა. ამერიკულ გუნდში ვერმოხვედრა ტრაგედია სულაც არ ყოფილა - იგი ევროპაში კვლავაც პერსპექტიულ ცენტრად ითვლებოდა და ბევრს სჯეროდა რომ მისგან ვარსვლავი დადგებოდა"
.

* * *
აი, რას ამბობს ბერძენი ჟურნალისტი გეორგის ლაცისი შერმადინზე:

"ჟელკო ობრადოვიჩთან და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებთან მუშაობამ გიორგის გამოცდილება შემატა. მას მიეცა შანსი ისეთივე სიმაღლეზე ასულიყო, როგორზეც მაშინდელი გამოცდილი პანათინაიკოსელები იდგნენ.

საბერძნეთში ახალჩამოსულ ქართველ ახალგაზრდას თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ გუნდს მალე შეეწყო. განვმეორდები - შერმადინმა საბერძნეთში ბევრი ისწავლა და ამიტომაცაა ახლა "მაქაბის" წევრი.

იგი ორი წელიწადი ელოდა სათამაშო დროს, მაგრამ "პანათინაიკოსში" მხოლოდ ცოტას თამაშობდა. სწორედ ამიტომ, 2010-11 წლების სეზონში გიორგი სლოვენიის "ოლიმპიაში" გადავიდა, რომლის მაისურითაც ევროლიგაზე საშუალოდ 7.5 ქულას აგროვებდა. "ოლიმპიადან" იგი იტალიურ "კანტუში" მოხვდა, 2011-12-ში ევროლიგაზე დამაჯერებლად ითამაშა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მის კარიერაში გარდამტეხი სეზონი.

შერმადინი "კანტუს" საკვანძო ფიგურად იქცა და შედეგიანობამაც საგრძნობლად იმატა - იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 9 ქულას აგროვებდა, ხოლო ევროლიგაზე 10.9-ს. ხაზი უნდა გავუსვათ გიორგის ეფექტურ თამაშს "მაქაბის" წინააღმდეგ: ევროლიგაზე ორი მატჩის ჯამში თელავიველების კალათში მან 28 ქულა მოათავსა"
.

* * *
"უდავოა, შერმადინი "კანტუს" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კალათბურთელი იყო, - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი ლუკა ჩიაბოტი, - თუმცა, თამაში კიდევ აქვს გასაუმჯობესებელი. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხშირად ჯარიმდება და ფოლების გამო სათამაშო დრო ეზღუდება.

მინახავს, ამა თუ იმ მატჩის საწყის ხუთ წუთში 2-3 პერსონალური შენიშვნა მიუღია და მწვრთნელს იგი სათადარიგოთა სკამზე დაუსვამს.

ჯარიმების სიჭარბის ერთ-ერთი მიზეზი სიჩქარეა. თუ ამ მხრივ თამაშს გამოასწორებს, შეუძლია დიდ კალათბურთელად ჩამოყალიბდეს"
.

იტალიელი ჟურნალისტი შერმადინის სხვა თვისებებზეც მსჯელობს...

"იგი ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ზოგიერთი ევროპელი ცენტრი, მაგრამ მთავარია, რომ საკალათბურთო ნიჭი აქვს, იცის როდის რა უნდა გააკეთოს. ამასთან ძალიან მშვიდი და მოწესრიგებულია, რაც მის თამაშზე დადებითად მოქმედებს.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ გიორგი ახალგაზრდაა და თამაშის გასაუმჯობესებლად დრო კიდევ აქვს. საინტერესო სანახავი იქნება, როგორ გაუმკლავდება ფიზიკურად გაცილებით ძლიერ ოპონენტებს.

შერმადინი კარგი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, "მაქაბის" გულშემატკივრებს საკუთარი გარჯით არაერთხელ გაახარებს".

* * *
ებრაელმა ჟურნალისტმა ელი შვიდლერმა საინტერესო ხერხით, ახალი კუთხით გაგვაცნო გიორგი შერმადინი - იტალიელ და ბერძენ კოლეგებს დაახასიათებინა.

ჩემი მხრიდან ერთს დავძენ: აპენინელმა ლუკა ჩიაბოტიმ თქვა - საინტერესოა, ქართველი ცენტრი ფიზიკურად გაცილებით ძლიერ მეფარეებს როგორ გაუმკლავდებაო.

ვფიქრობ, შერმადინი სწორედ იმიტომ გადავიდა "მაქაბიში", რომ ორი წელია ღირსეულად უმკლავდება თელავიველთა მეფარეს, გაცილებით ღონიერ სოფოკლის შორციანიტისს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ნატახტარელი "კანტუსა" და "ოლიმპიას" მაისურით ევროლიგაზე "მაქაბის" ოთხჯერ ეთამაშა და ჯამში 56 ქულა მოაგროვა.

გარდამტეხი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
23 წლის არ არის ეს ბიჭი თუმცა საკმაოდ ძლიერი კალათბურთელია
nikoloz
22:02 09-06-2012
0

სიახლეები პოპულარული