NBA-ს კემპზე თორნიკე შენგელიას შანსი გაიზარდა

AutoSharing Option
მეორე დღეა, იტალიის ქალაქ ტრევიზოში NBA-ს კემპი მიმდინარეობს. მასში ორი ქართველი მონაწილეობს - თორნიკე შენგელია და ნიკა მეტრეველი.

პირველ დღეს იტალიაში მეგობრების დუელი გაიმართა. მეტრეველის "გუნდი 1" შენგელიას "გუნდი 4"-ს დაუპირისპირდა. მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის წყალობით თორნიკეს თანაგუნდელებმა 73:60 მოიგეს.

შენგელიამ (41-ე ნომერი იყო) 20 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მან 7-იდან 3 ორქულიანი და 5-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. ისიც უნდა ითქვას, რომ თორნიკემ მატჩი ხუთი პერსონალური შენიშვნით დაასრულა.

49-ე ნომრით მოთამაშე ნიკა მეტრეველმა მოედანზე
13 წუთი გაატარა და 2 ქულა (2-იდან 1 ორქულიანი) მიითვალა.

მატჩის სნაიპერი მისი თანაგუნდელი ბოსნიელი ნიჰად დედოვიჩი გახდა - 14 ქულა მოაგროვა. სხვათა შორის, ნიჰადი სექტემბრის დასაწყისში თბილისშიც უნდა გვეწვიოს, მისი ნაკრები ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.

პირველი დღის შეფასებისას პოპულარულმა გამოცემა NBADRAFT.NET-მა ყურადღება რამდენიმე კალათბურთელზე გაამახვილა და შენგელიას ერთი აბზაცი დაუთმო:

"1991 წელს დაბადებულმა თორნიკე შენგელიამ შუადღის მატჩში დიდებულად ითამაშა. იგი ბურთს კარგად აკონტროლებს და მწვრთნელს საშუალება აქვს, მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ათამაშოს.

შენგელია ნამდვილად სახიფათოა ფარქვეშ და ამიტომ მეტოქეები მასზე ხშირად ჯარიმდებოდნენ. თუმცა მსუბუქი თავდამსხმელისთვის ასევე აუცილებელია საშუალო და სამქულიანი დისტანციიდან უშეცდომოდ ტყორცნა.

ქართველს, როგორც იტყვიან, ძალიან სწრაფი პირველი ნაბიჯი აქვს, რის ხარჯზეც ევროპის ნებისმიერი მძიმე ფორვარდის დაჯაბნა შეუძლია. ტრევიზოს კემპის პირველი დღის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შენგელიას დრაფტზე არჩევის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა".

ამერიკელი მიმომხილველის ბოლო სიტყვები ბევრს არ ესიამოვნებოდა, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ თორნიკეს წლევანდელ დრაფტზე აუცილებლად აირჩევენ. თუმცა საკითხავია, რომელ ნომრად.

დრაფტამდე (28 ივნისს გაიმართება) შენგელიას კიდევ აქვს თავის გამოჩენის შანსი - ჯერ ტრევიზოში, შემდეგ ამერიკაში...

იტალიაში მიმდინარე კემპის მეორე დღეს თორნიკეს თანაგუნდელებმა მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ამჯერად მათ "გუნდი 3" ქულამწირ შეხვედრაში დაამარცხეს - 48:44. გაიმარჯვა ნიკა მეტრეველის "გუნდი 1"-მაც. მათ "გუნდი 2"-ს 72:64 მოუგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული